ენდოამბები, VI ნაწილი

ტკივილი

ენდოამბები V ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების გულწრფელი ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია.
გაეცანი ენდოამბებს და გაიგე როგორია ცხოვრება ენდომეტრიოზით შეულამაზებლად.

ჟანა, 27

ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, მტკივნეული მენსტრუაცია თან დართული ფაღარათით, გულისრევა ან შეგრძნება, თავის ტკივილი, ფეხების გაყინვა და ზოგჯერ კანკალი. მუცლის შებერვა თითქოს ორსულად ვიყო, თვეში ორჯერ ჭარბი ციკლი, დიდი ზომის კოლტებით ბოლოს მუქი ყავისფერი გამონადენი, თავბრუსხვევა, მუდმივი შეგრძნება ციკლის დაწყებამდე რომ თითქოს მენსტრუალური ციკლი მაქვს.. პირველი მენსტრუალური ციკლი 12 წლისას დამეწყო და თითქმის მთელი თვე მქონდა ყავისფრად. 27 წლის ვარ და ასე ცხოვრება უბრალოდ აღარ შემიძლია, დასტრესილი ვარ, ფაქტობრივად შეგრძნება მაქვს რომ სულ მენსტრუაცია მაქვს, თავიდან შარდვისას წვა მქონდა ცისტიტზე ვმკურნალობდი, თუმცა უშედეგოდ, დღემდე მაქვს წვა და ტკივილი, დავიღალე ყოველთვის მეკითხებიან ” ორსულად ხარ? როგორ გასუქდიო” , ამას ვერ ვხსნი და უშუალოდ ნერვულ სისტემას მინგრევს, დაღლილი ვარ ამ ყველაფრით, გამუდმებით მტკივა და საკუთარი თავი უკვე მეზარება, პანიკა მეწყება როცა კი ციკლი მაქვს არსად წასვლა არ მინდა ეს ჩემ პატარაზე მოქმედებს მინდა გავსეირნო, მაგრამ ძალა არ მაქვს, ხელშიც ვერ ვწევ 🙁 მინდა უბრალოდ აღარ მტკიოდეს და ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო, ბედნიერი ვიყო… იმდენად მტკივა ვტირი 🙁 ვერ ვუძლებ ამის გაზიარება არ შემიძლია ყველასთან თითქოს ვწუწუნებ…ბარ ვწუწუნებ მართალა ცუდად ვარ 🙁 მტკივა ჩემი მდგომარეობა თითქოს გვამი ვარ და უსუსური ამ მდგომარეობაში… მადლობა ამ გვერდის არსებობისთვის, მადლობა შემიძლია ვთქვა. მინდა იცოდეს ყველამ თუ რამხელა ტანჯვაა ამ დაავადებასთან ბრძოლა და მტკივნეული მენსტრუაცია ნორმა არ არის, როგორც დედა და სხვა ქალები მამშვიდებდნენ … 🙁 მინდა გაითავისოს ყველა ადამიანმა და თავიდანვე სათანადო ზომები მიიღონ..

ტკივილი ენდომეტრიოზი

ინა, 27

ენდომეტრიოზის არსებობის შესახებ სასხვათაშორისოდ (ზუსტად ესე) შემატყობინა ჩემმა ალბათ პირველმა ეხოსკოპისტმა თუ გინეკოლოგმა, არც მახსოვს, ისე მითხრა გაქვსო არც უთქვამს რა იყო, საგანგაშო იყო თუ არა, მისახედი, სამკურნალო. 16 წლის ვიყავი და ყურადღება არც მიმიქცევია, მორიგი ტერმინი მეგონა იმ მრავალთაგან რომლებსაც ექიმები გეუბნებიან და არ გიხსნიან ამ ქვეყანაში.

13 წლიდანვე მენსტრუაცია განხრძლივი და მძიმე მქონდა. საკმაოდ ბევრი მომდიოდა ხოლმე და ბევრ წარმოუდგენლად უხერხულ ადგილას მქონია დენა. ამაზე დიდი უბედურება და გაურკვევლობა 13 წლის ასაკში სხვა არ მქონდა. ნელნელა უფრო და უფრო მძიმე ფიზიკური ტკივილები დამეწყო და ბევრჯერ გამომიძახებია სასწრაფო, გამიკეთებია ნემსი, რამდენჯერმე გულიც წამსვლია. მგონი მხოლოდ ორი წლის წინ მივხვდი რამდენად მძიმე და დამანგრეველია ამხელა ტკივილთან ცხოვრება ბავშვობიდან.
რამდენიმე კისტის გასკდომაც გამოვლილი მაქვს და ლაპარასკოპიამდეც მივედი რაღაც დროს.

რადგან ენდომეტრიოზის მნიშვნელობა არ ვიცოდი და არც არავის უხსენებია და აუხსნია არასოდეს, არც გინეკოლოგებს, არც მე ვიკვლევდი რა იყო და მეგონა რო ჩემნაირი ტკივილები ყოველ მეორე გოგოს ქონდა და ეს ნორმალური იყო.
2 წლის მანძილზე ძლივს გამოვერკვიე რა არის ისიც ცოტა, ამ ჯგუფიდან და ბლოგიდანაც ბევრად მეტი გავიგე ვიდრე ვიცოდი, თითქმის ყველაფერი.

მენსტრუაცია

ნია

ერთ თვეში 2 კვირა კარგად ვარ, 2 კვირა ცუდად. ცუდად ყიფნა გამოიხატება მუცლის არეში ტკივილით და დისკომფორტით, ასევე შეცვლილი გუნება განწყობილებით. მუდმივი დისკომფორტი და ტკივილი მხდის უუნაროს და ცხოვრევის ხარისხი უერესდება. ასევე მაქვს მიომა.

მერი, 36

დაახლოებით 1 წლის წინ შემაწუხა ჭარბმა მენსტრუაციამ რამდენიმე თვეში მივაკითხე გინეკოლოგს. საშვილოსნოს დაწევა აქვსო და ვიფიქრე რამე შეიცვალა. დამისვა ენდომეტრიოზის დიაგნოზი. ვიმკურნალე. ფინანსების გამო ვეღარ გავიარე კონსულტაცია. შემდეგ რამდენიმე თვე ჩამიწყნარდა. ახლა ისევ ძალიან ჭარბად მაქვს ისე რომ წინა თვეში უკვე თითქმის გული მიმდიოდა.

ლალი, 44

თავიდან ტკივილი იყო საკვერცხის არეში ძალიან ხანმოკლე და ყრუ, მსუბუქი, ოვულაციის დღეებს ემთხვეოდა. სულ 20 წუთი გრძელდებოდა, გაივლიდა, ერთ-ორ დღეში ისევ მეორდებოდა. ამიტომ გინეკოლოგებმა დამისვეს დიაგნოზი, რომ ჩვეულებრივი ოვულაციური ტკივილია. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში, არაერთ გინეკოლოგს მივაკითე იმის შიშით, რომ რამე სერიოზული (სიმსივნური წარმოშობის) არ ყოფილიყო, ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა – ოვულაციური ტკივილი. ტკივილი კი წლებთან ერთად ძლიერდებოდა და ამას დაემატა მენსტრუალური ტკივილიც, რაც თინეიჯერობის შემდეგ არ მქონია. ახლა ოვულაციის მეორე მესამე დღეს ისეთი გაუსაძლისი ტკივილი მაქვს ღამე ფაქტიურად არ მძინავს, ტკივილი არა მხოლოდ საკვერცხის არეშია არამედ სახსარზეც გადადის, ორთოპედთანაც გავიარე კონსულტაცია და ჩავიტარე კვლევა და ამ მხრივ არ მაქვს პრობლემები, ანუ სახსარი ამ ტკივილთან არაფერ შუაშია. ორი წლის წინ ვიყავი ერთ-ერთ გინეკოლოგთან, რომელმაც მითხრა რომ დიდი ალბათობით ენდომეტრიოზია. თუმცა მკურნალობის კურსი ამ მიმართულებით არ დაუნიშნია, მითხრა რომ ინდომეტაცინი ან რომელიმე ტკივილგამაყუჩებელი გამომეყენებინა ასეთ დროს. ძალიან დამტანჯა ამ ტკივილმა. იმედია რაიმე გამოსავალს ვნახავ.

ციკლი

სალომე, 39

ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკში დამეწყო მწვავე შეტევითი ტკივილები. ალბათ 26 ან 27 წლიდან. დიაგნოზი ალბათ 29 ან 30 წლის ასაკში გავიგე. 20 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება მწვავე ტკივილი. იწყება სუსტად ძლიერდება პიკს აღწევს და მერე იკლებს და გაიივლის. ამ შეტევის დროს თუ არ დავწექი, შეიძლება გრძნობა დავკარგო. წნევა მივარდება. უნდა ვიწვე რაღაც პერიოდი და გაივლის. სანამ პიკს მიაღწევს ტკივილი პირველი შეგრძნებისთანავე თუ დავლიე გამაყუჩებელი შეიძლება უფრო მარტივად გამოვძვრე ხოლმე. ვერ ვიტყვი ზუსტად ამ შეტევითი ტკივილების სიხშირეს. შეიძლება თვეები ისე გავიდეს, არ მქონდეს მაგრამ ზოგჯერ ხშირია. მთავარი რაც ვისწავლე, – დროზე უნდა დავწვე, რომ არ წავიქცე და სწრაფად მივაშველო წამალი.

თამუნა, 29

პირველი მენსტრუაციიდან მოყოლებული თითოეული მენსტრუალური სისხლსენის მოახლოება არის ჩემთვის ტრაგედია. იმ დღეს ვარ შრომისუუნარო, განვიცდი საშინელ ტკივილებს და მგონია რომ ყოველთვე იმ დღეს ვკვდები. თუ ვერ მოვასწარი გამაყუჩებლის დალევა ის დღე მთლიანად ტირილში, ტემპერატურის მკვეთრ ცვლასა და გულის რევაში უნდა გავატარო. სასწაულად რთულია ამ დროს სახლში ვინც არის იმათთვის ჩემი ყურება და ამასაც ძალიან განვიცდი. მგონია რომ უკვე მილიონჯერ მაინც მაქვს მშობიარობის პროცესი გავლილი. ძალიან მირთულებს ცხოვრებას, შრომისუნარიანობას და პროდუქტიულობას. არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე და ხშირად ვფიქრობ უკვე საშვილოსნოს მოკვეთაზე რომ აღარასდროს განვიცადო ის ტკივილები რაც ყოველთვე მაქვს.
საშინელი ტკივილები მაქვს, მენსტრუაციის პირველ დღეს, გულის რევა, გულის წასვლა, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. ვერ ვმოძრაობ

მტკივნეული ენდომეტრიოზი

სალო, 27

მეორე მშობიარობის შემდეგ (ვიყავი 25 წლის) მშობიარობიდან 40 დღეში აღმიდგა მენსტრუალური ციკლი, ბავშვს ძუძუს ვაჭმევდი მაგრამ ციკლი მაინც მქონდა რეგულარული, მშობიარობიდან 6 თვეში ამერია ციკლი, მქონდა თვეში ორჯერ, ხან საერთოდ არ მქონდა, ამიტომ მივმართე ექიმს და დამისვა ენდომეტრიოზის დიაგნოზი, ვაგინალური ექოსკოპიით, ჩავიტარე დანიშნული მკურნალობა, მაგრამ შედეგი არ მაქვს, მკურნალობის შემდეგ დავიწყე კონტრაცეპტივი, ლაქტინეტის მიღება, კონტრაცკპტივის ფონზე საერთოდ ამერია ციკლი.
არარეგულარული სისხლდენა საშოდან, არეული მენსტრუაცია.

ნანკა, 37

2014 წელს სრულიად შემთხვევით მივედი ექოსკოპიაზე და იქ მითხრეს 6 სანტიმეტრიანი კისტით, როგორ დავდიოდი ახალგაზრდა გოგო. გავხდი საოპერაციო. ოპერაციისთვის ვადიმ ხატიაშვილმა გადამამისამართა ბოჭორიშვლთან და ბეჟენარმა გამიკეთა ოპერაცია. ჩემი ოპერაცია იყო საჩვენებელი ექიმებისთვის, იმიტომ რომ საკვერცხე მიხორცებული მქონდა სწორ ნაწლავზე, რის გამოც კუჭის მოქმედების დროს გულიც კი წამსვლია. ერთი წლის შემდეგ კისტა გამიჩნდა მეორე საკვერცხეზე, ახლა პერიოდულად ვსვამ ვიზანას, მეტს ვერაფერს ვახერხებ. მტკივა ნაოპერაციებ მხარეს მენჯის ღრუ. ძალიან მეხმარება ფიზიკური აქტივობა. :((

თაკო, 47

ენდომეტრიუმი

17 წელია რაც დაოჯახებული ვარ არცერთი ორსულობა. 8 წლის წინ ჩავიტარე ლაპარასკოპია შემდეგ ინ ვიტრო უშედეგოდ. შემდეგ მივანებე თავი ავიყვანე ბავშვი, და რომ მეგონა ყველაფერი დავასრულე ახლა ისევ დავიწყე. მისი თხოვნით. იმედია გამოვა.

გუა, 34

ცოტა ხნის წინ გავიგე რა არის საერთოდ ეს დაავადება, ექიმები ისე გაკვრით მეუბნებოდნენ რომ თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მერე ჩავეკითხე და აღმოჩნდა, რომ ჩემი ტკივილების და დისკომფორტის ძირითადი მიზეზი ყოფილა. ყველაზე მეტად იმან დამსტრესა რომ მკურნალობა არ ხდება და ამ დროს ნელნელა ჩემს შიგნით რაღაცეები იზრდება. ეს უსუსურობის შეგრძნება ძაან არასასიამოვნოა. მინდა უკეთ გავერკვე რა დაავადებაა და როგორ შეიძლება რომ შევამსუბუქო მისი გავლება ჩემი ცხოვრების ხარისხზე.

ნატა, 30

12 წლის ასაკში დამეწყო მენსტრუაცია და სულ ტკიბილებით. რამდენჯერაც მივედი ეხო გადავიღე , ჩავიტარე გამოკვლევები პასუხს მხოლოდ ერთს ვიღებდი “გააჩენ ბავშვს გაგივლის” “ყველადერი წესრიგში გაქვს დედამთილი ვერ გეტყვის უშვილო რძალი შემოგვეტენაო” და მილიონისგავსი უკბილო ხუმეობები მომოსმენია. რაც ამ ჯგუფს გავეცანი მივხვდი, რომ ეს ტკბილები და უძლიერეს გამაყუჩებელზე “ჯდომა” ნორმა საერთოდ არაა და მარტო არვარ. არც ვიცი რეალურად რა მჭირს.

ნია, 28

ეს დაავადება ხელს მიშლის ცხოვრებაში, რადგან არა მხოლოდ ციკლისას არამედ მუდმივად მაწუხებს შებერილობა, სიმძიმე მუცლის ქვედა არეში ტკივილი. ასევე მუდმივი მოშარდვის სურვილი. ამასთან სექსუალური ცხოვრებით ვერ ვცხოვრობ ისე როგორც მინდა, რადგან წინასწარ მაქვს შეგრძნება რომ მეტკინება და თავისუფლად ვერ ვარ ამის გამო. ეს დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან და ვარ მუდმივად დაძაბული და გაღიზიანებული.

საკვერცხის კისტა

თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ამ დაავადების სიმპტომებს და ეჭვი გაქვს, რომ შენც გაწუხებს, გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით.
ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რადგან ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!


შეავსე საკონსულტაციო ფორმა ან დაგვიკავშირდი –
მეილზე: consult@endo.ge
ფეისბუქ გვერდზე: ცხოვრება ენდომეტრიოზით

ენდოამბები VI ნაწილი – ისტორიები და მოყვანილი მაგალითები, წინა სტატიების მსგავად, არის იმ ქალების გამოცდილება და შეფასებები, რომლებიც თავიანთ ამბებს აზიარებენ.
ჩვენი მიზანი არ არის, რომ ყოველგვარი სამეცნიერო საფუძვლების გარეშე, მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს შემთხვევები განვაზოგადოთ.
იხილე ასევე ენდოამბები I ნაწილიენდოამბები II ნაწილიენდოამბები III ნაწილიენდოამბები IV ნაწილი, ენდოამბები V ნაწილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *