ენდოამბები IV ნაწილი

ენდოამბები IV ნაწილი

ენდოამბები IV ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია.

თამუნა ქუმსიაშვილი, 25 წლის

შეიძლება ითქვას რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემს თავს მე თვითონ დავუსვი ენდომეტრიული კისტების დიაგნოზი ყველანაირი ექიმის გარეშე და სანამ ექიმთან წავიდოდი დაახლოებით ვიცოდი რაც მჭირდა მაგრამ ოფიციალურად ამ ამბის გაგება ნაკდვილად სტრესული იყო და დღეები ვტიროდი და სახლიდან აღარ გავდიოდი.

მენსტრუაცია 12 წლიდან დამეწყო და ყოველთვის ჭარბი რაოდენობა მქონდა და ამასთანავე პირველ-მეორე დღეს საშინელი ტკივილები და ამის შესახებ რომ ვამბობდი რა თქმა უნდა დედა-ბებიის თაობები ყველანი მეუბნებოდნენ რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და უმეტესობას ტკივილები აქვს მენსტრუაციის დროს, შესაბამისად დიდად სერიოზულ ამბადაც არავის აღუქვია ჩემი ტკივილები და ამ შთაგონებებით მეც არ მივაქციე ყურადღება და უბრალოდ ამ დღეებში დილა-საღამო ტკივილ გამაყუჩებლების დალევას ვჯერდებოდი.

მოკლედ გავიდა ასე წლები და ეს ჩემი გაუსაძლისი წელის და მუცლის ტკივილი გადაიზარდა ისეთ ტკივილში რომ რამდენჯერმე აი ასე მოულოდნელად გონება დავკარგე, წამიერად მუცელში ვგრძნობდი აუტანელ ჩხვლეტებს და ამის ფონზე მეკარგებოდა გონება და რამდენიმე წუთში ტკივილის გავლის შემდეგ მეთვითონვე ვსულიერდებოდი, რადგან ძირითადად ამ დროს ისე ხდებოდა რომ ჩემთან ახლოს არავინ იყო, ხოდა ზუსტად პირველი გულის წასვლის შემდეგ მეთვითონ დავიწყე გუგლში სიმპტომების მიხედვით დაავადების ძებნა და საბოლოოდ მივედი ენდომეტრიოზამდე, რათქმაუნდა წავიკითხე მგონი ყველაფერი რაც კი ეწერა მაგრამ არამარტო გუგლში, არამედ გადავიკითხე “ფბ” ჯგუფებში სხვადასხვა ადამიანების გამოცდილება, ვინ როგორ იყო, სად მკურნალოდბდნენ და ასე შემდეგ, ფაქტობრივად მთელი დღეები ვიჯექი და ვკითხულობდი ყველაფერს, მაგრამ ექიმთან ამ პერიოდში ვერ წავედი სხვადასხვა მიზეზების გამოც და 24 წლის ასაკში სრულიად შემთხვევით უბრალო კონტროლისთვის მუცლის ღრუს ექოსკოპიის დროს ექოსკოპისტმა შემაჩნია რომ ძალიან ბევრი და დიდი კისტები მქონდა. მარჯვენა საკვერცხეზე 3 კისტა, დიდი ენდომეტრიული 5 სმ და მარცხენაზე 2 კისტა, აქედან დიდი ენდომეტრიული 3სმ. მოვიარე ამის შემდეგ უამრავი ექიმი და საბოლოოდ გადავწყვიტე ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ოპერაციის გაკეთება.

ოპერაციის წინ მოსამზადებელი პერიოდი:

ოპერაცია გავიკეთე კარაპს მედლაინში – რამაზ ჩარექიშვილთან. შემიძლია ვთქვა რომ ოპერაცია გამიკეთა იდეალურად ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგანაც უკვე საკმაოდ რთული შეხორცებები მქონდა სწორ ნაწლავზე. ორივე საკვერცხე შემინარჩუნდა კარგად, მართალია ოპერაციისას საკვერცხის რესურსის გარკვეული ნაწილი მიყვება, თუმცა საბოლოოდ ნამდვილად პროფესიონალური ოპერაცია ჩატარდა. (თვითონ ძაან სტრანი ტიპი ჩანს, ოპერაციამდეც და ოპერაციის შემედეგაც სულ რამდენიმე წამით მყავს ნანახი და უბრალოდ კონსულტაციაზე დიაგნოზისთვის მასთან არ მივიდოდი, მაგრამ როგორც ქირურგი არის ძალიან კარგი და პროფესიონალი. შემიძლია ვთქვა რომ მკურნალი ექიმები ყავს უსაყვარლესები. მე დავით სხირტლაძე მყავდა და ნამდვილად გულისხმიერია – ყველაფერს რომ კარგად აგიხსნის, გეტყვის, რაც გაინტერესებს რომ მოგისმენს, ყველა კითვაზე პასუხს რომ გაგცემს, დაგამშვიდებს და დაგაწყნარებს).

რაც შეეხება წინა საოპერაციო მომზადებას – წინა დღეს დილის მერე საკვები აღარ უნდა მიმეღო და გამორეცხვები გავიკეთე საღამოს მეთვითონ სახლში – აფთიაქში იყიდება მინი ოყნები ძალია მარტივი და პრაქტიკულია მოკლედ. რათქმაუნდა გამორეცხვისას უსიამოვნება თანმდევია.
მეორე დილით 10ზე უკვე კლინიკაში ვიყავი, თუმცა საოპერაციო ოთახში 3 საათზე შემიყვანეს. ოპერაციამდე დამალევინეს წამალი, რომელმაც საშვილოსნოს ყელი გახსნა. ამდროს ოდნავ ტკივილს გრძნობ, და შეიძლება მცირე სისხლიანი გამონადენიც გქონდეთ.
რაც შეეხება ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პერიოდს – ესეც არც ისე მარტივი იყო. ნარკოზიდან გამოსვლისას მე პირადად ყველაფერი მახსოვდა, ნარკოზს არ უმოქმედია ისე რომ გონება დამეკარგა, ერთადერთი რაც იყო მაკანკალებდა და მციოდა საშინლად. კანკალზე მეჭიმებოდა ნაკერები და ეს კიდევ უფრო მეტად იწვევდა ტკივილს. ოპერაცია დაიწყეს 15:30 და ორსაათნახევარი გაგრძელდა. სადღაც 8 საათზე პალატაში გადამიყვანეს. ერთერთი აუცილებელი რჩევა არის ის რომ ნარკოზის შემდეგ არავითარ შემთხვევაში იმ დღეს წყალი ოდნავადაც კი არ დალიოთ. უბრალოდ მე საშინელი წყურვილი მკლავდაა და ვეხვეწებოდი რასაც ქვია უკვე ექთნებს და ერთი ყლუპი მოვსვი მხოლოდ, რამაც გამოიწვია პირღებინება ისეთი მძაფრი რომ მთელი ღამე გული მერეოდა და ამაზეც საშინლად მტკიოდა უკვე ცალკე კუჭი და ცალკე ნაკერები. ამ გაუწყლოებაზე ორგანიზმი გამომიშრა, რამაც გამოიწვია ჩემ შემთხვევაში თვალების სიმშრალე და დამეწყო თვალების ტკივილი ისე რომ ვეღარ ვახელდი, თუმცა რამდენჯერმე თვალის წვეთები ჩამაწვეთეს და ამანაც გამიარა. პარალელურად კათეტერი მედგა და მეორე დღეს თუკი ავდგებოდი ფეხზე და გავივლიდი მაშინ მომხსნიდნენ, მაგრამ დღის განმავლობაში უბრალოდ ძალა არ მქონდა და ვერ ვდგებოდი, საღამოს სულ ძალით წამომაყენა ექთანმა, რადგან ოპერაციის მერე რაც უფრო მეტად ივლით ისე როგორც შეგიძლიათ უკეთესია, რადგან უმოძრაობით მუცელში კიდევ უფრო მეტად გროვდება გაზები და ეს კიდევ უარესია და სხვადასხვა ფაქტორებიც. მოკლედ ცოტახანი ვიარე, ვიარე და ამის შემდგეგ მომხსნეს კათეტერიც და არ გამჭირვებია ჩემით მოშარდვა. მესამე დღეს გამომწერეს სახლში, ჭრილობებს ვიმუშავებდი ბეტადინის ხსნარით და კიდევ რამდენიმე წამალს ვსვამდი და ერთ ნემსსაც ვიკეთებდი. ოპერაციის შემდეგ ჩულქებიც ერთი კვირა მეცვა, ბანაობის დროსაც კი. მხოლოდ ბანაობის შემდეგ ვიხდიდი მწოლიარე მდგომარეობაში, ვაშრობდი, ვიცმევდი და ისე ვდგებოდი ფეხზე. ეს იმისთვის რომ თრომბი აიცილოთ თავიდან.

ლაპარასკოპია ენდომეტრიოზი

ოპერაციის შემდგომი პერიოდი:

გამოწერიდან ერთ კვირაში მომხსნეს ნაკერები და სწორედ ამ დროსაც გავიხადე ის ჩულქებიც, ამის შემდეგ კი ერთი ციკლის მოსვლას დაველოდე და შემდეგ დავიწყე 3 თვით ვიზანას დალევა, დალევიდან პირველ თვეს ციკლი ისევ მომივიდა ჩვეულებრივ, მეორე და მესამე თვეს უკვე მთლიანად შემიწყდა, თუმცა შიგადაშიგ ორი სამი წვეთი ყავისფერი გამონადენი მქონდა ხოლმე, სხვა უარყოფითი შედეგები არ მქონია.

ხო კიდევ, ჩემთან საშვილოსნოში პატარა პოლიპიც მოჩანდა და ამიტომ ლაპარასკოპია-ჰისტეროსკოპია გავიკეთე და ეს იპერაცია დაჯდა 4000 ლარამდე საიდანაც დაახლოებით 70% საყოველთაო დაზღვევამ ამინაზღაურა, ისიც იმიტომ რომ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია დამიწერეს. გეგმიური ლაპარასკოპია-ჰისტეროსკოპია არ ფინანსდება საყოველთაოთი. კერძო დაზღვევბის შემთხვევაში არ ვიცი როგორ არის. ახლა ოთხი თვის შემდეგ ექოსკოპიის პასუხებით ყველაფერი ნორმალურადაა და ახლა კიდე ისევ ვაგრძელებ ვიზანას დალევას, ისევ ექიმის დანიშნულებით კიდევ 6 თვე.

რაც შეეხება ლაპარასკოპიის შემდეგ მენსტრუაციას არც რაიმე განსაკუთრებული ტკივილი ყოფილა და არც შვება. არც დამრღვევია მოსვლის დღეები, ციკლის დაწყების პირველ დღეს ისევ ძალიან მტკიოდა და შესაბამისად გამაყუჩებელი მივაშველე, თუმცა არა ისე რომ გონება დამკარგვოდა როგორც მანამდე. მაგრამ ტკივილი დამრჩა ისევ და არსად გამქრალა.

თაკო, 25 წლის

23 წლიდან აქტიურად დავდივარ გინეკოლოგებთან ვისთან აღარ ვიყავი რა აღარ მითხრეს თავიდან ყველა ნაწლავებს აბრალებდა, ზოგი კი მეუბნებოდა ბაქტერიები გაქვსო, ზოგმა გათხოვდი და გეშველებაო . ამ გადმოსახდიდან ვხვდები რომ არასწორად დაინიშნა მკურნალობა ყოველჯერზე. ძალიან ბევრჯერ მოვხვდი სასწრაფოს მანქანაშიც ჩემი ტკივილების გამო. საბოლოოდ გადავწყვიტე კისტაზე ოპერაცია სადაც გავიგე რომ ენდომეტრიოზიც მაქვს.
ოპერაცია ჩამიტარდა ლაპარასკოპიით, ამომაჭრეს კისტა და ორივე საკვერცხიდან ასევე საშვილოსნოს მიდამოებიდან ენდომეტრიოზი მომაცილეს 2020 წლის აგვისტოში . ოპერაციის შემდეგ ვიღებ ვიზანას 6 თვე უნდა ვსვა უწყვეტად და ჯერჯერობით არ მაწუხებს ტკივილი.

ანანო, 29 წლის

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მენსტრუაცია ჩემთვის არის ტანჯვა. 2 დღე მაინც თვეში ვარ აბსოლუტურად შრომიისუუნარო, იმდენად ძლიერია ტკივილი. ტკივილები დამეწყო 14 წლის ასაკში, მენსტრუაციის დაწყებიდან 3 თვეში და მას მერე 1 თვეც კი არ ყოფილა ტკივილის გარეშე. ვიყავი ბევრჯერ გინეკოლოგთან. უამრავი გამოკვლევის შემდეგ მინიშნავდნენ ნიმესილს, სხვადასხვა კონტრაცეპტივებს, რასაც შედეგი არ მოჰქონდა. იმედი დავკარგე, ამ დაავადების მართვის არსებობის შესაძლებლობის და თუ თქვენ დამეხმარებით, სამუდამოდ თქვენი მადლიერი ვიქნები.

თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ამ დაავადების სიმპტომებს და ეჭვი გაქვს, რომ შენც გაწუხებს, გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით.
ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რადგან ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!


შეავსე საკონსულტაციო ფორმა ან დაგვიკავშირდი –
მეილზე: consult@endo.ge
ფეისბუქ გვერდზე: ცხოვრება ენდომეტრიოზით

ენდოამბები IV ნაწილი – ისტორიები და მოყვანილი მაგალითები, წინა სტატიების მსგავად, არის იმ ქალების გამოცდილება და შეფასებები, რომლებიც თავიანთ ამბებს აზიარებენ.
ჩვენი მიზანი არ არის, რომ ყოველგვარი სამეცნიერო საფუძვლების გარეშე, მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს შემთხვევები განვაზოგადოთ.
იხილე ასევე ენდოამბები I ნაწილი, ენდოამბები II ნაწილი, ენდოამბები III ნაწილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *