აუ, ეს სულ ცუდად რატოა?

სულ ცუდად

აუ, ეს სულ ცუდად რატოა? ანუ ცხოვრება ქრონიკული დაავადებით

ენდომეტრიოზი კომპლექსური და ჯერ-ჯერობით ცუდად შესწავლილი ქრონიკული დაავადებაა. ის ძირითადად ქალების ემართებათ, რადგან ქალის რეპროდუქციულ ორგანოებს უკავშირდება. შეუძლია გამოიწვიოს უნაყოფობა, უძლიერესი ქრონიკული ტკივილები და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები, რომელებიც ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აუარესებენ და ხშირად პიდაპირი მნიშვნელობით აუტანელს ხდიან ყოველდღიურ არსებობას. მაგრამ მე ენდომეტრიოზის სხვა მხარეზე მინდა ვილაპარაკო, როცა ის (ამ ეტაპზე) არ არის გამოხატული “მთელი თავისი დიდებულებით” და თავს იჩენს ასე ვთქვათ, უხილავი სიმპტომატიკით, რომელიც ადვილად შეიძლება აგერიოს შენს ხასიათში, უფრო სწორად რომ ვთქვათ –  უხასიათობაში.

უახლესი კვლევებით დასტურდება (როგორც იქნა), რომ ენდომეტრიოზი  როგორღაც ქრონიკულ დაღლილობასთან, დაბინდულ გონებასთან (brain fog), დეპრესიასთან და გაციებისკენ მიდრეკილებასთან არის დაკავშირებული. მაგრამ რა ხდება, მაშინ როცა არც თავად ეცნობი ამ უაღრესად ნიშურ სამედიცინო კვლევებს და არც შენი მკურნალი ექიმი? ფიქრობ, რომ უბრალოდ სუსტი, ცუდი ხასიათის მქონე ადამიანი ხარ, რომელსაც რატომღაც სამყაროში ყველაფერზე მეტად ძილი უყვარს.

წარმოგიდგენიათ, როგორ განსაზღვრავს ეს შენ იდენტობას? თ ა ვ ი დ ა ნ – ბ ო ლ ო მ დ ე.

სულ ცუდად

კარგი და ვთქვათ რას ცვლის ის ფაქტი, რომ ახლა უკვე ვიცი ენდომეტრიოზისა და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კორელაციის შესახებ? აღარ ვარ დაღლილი? აღარ ვცდივდები იმ სიხშირით? რა თქმა უნდა, კი. (ბედნიერ დასასრულს ელოდით?) მაგრამ ყველაზე რთული ამ სიმპტომებით ცხოვრება კი არა, ამ სიმპტომების ქონაში საკუთარი თავის დადანაშაულებაა. რატომ ვარ ასეთი? რატომ მეზარება ყველაფერი? რაღა მე მეძინება მაშინ, როცა ყველა ახლა იწყებს გართობას? მაინცდამაინც მე რატომ გავცდივდი წელს უკვე მეათედ? სხვები რატომ არ ცივდებიან?! 

კაცმა რომ თქვას, მიზეზის ცოდნა ბევრს არც არაფერს ცვლის. მეტწილად მაინც გეუხერხულება შენი ყველა ნაკლი ერთ ქრონიკულ დაავადებას ჩამოკიდო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან თავხედურად და საეჭვოდაც ჟღერს. ამიტომ ძირითადად სადღაც შუაში ვზავდებით, “ცოტა ჩემი ბრალია, ცოტა ენდომეტრიოზის.” მაგრამ ესეც საქმეა. 

უფრო რთული ამბავია როცა სხვა მიგითითებს შენ სისუსტეებზე. “აუ, შენ სულ ცუდად რატო ხარ?”, “წელს მერამდენედ გაცივდი. ითვლი?”, “შენ ძაან ხშირად გტკივა ხო თავი?”, “ამას ისევ ეძინება”. ასეთ მომენტებში საშინლად მიტანს ბრაზი და თან თავს ერთდროულად დამნაშავედაც ვგრძნობ და მსხვერპლადაც. ერთდროულად მინდება ვუყვირო, “შენ არ იცი ჩემი ქრონიკული დაავადების შესახებ!” და თან თავს წამოვუძახო “მართლა რა გჭირს ასეთი, შეჩემა, ცოტა მოიხოდე რა.”

სულ ცუდად

მკვეთრად გამოხატულ სიმპტომებთან შედარებით, უხილავის პრობლემა ზუსტად ესაა, არასდროს იცი სად მთავრდება შენი ბრალეულობა და სად იწყება დაავადების.  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *