დაღლილობა, როგორც სიმპტომი ცალკე მინდა გამოვყო, რადგან ერთი მხრივ ენდომეტრიოზის სიმპტომადაც ბევრგანაა ნახსენები და გამოყოფილი და მეორე მხრივ ვიზანას გვერდით ეფექტებშიც შედის.
ბევრი წელია მაწუხებს არსაიდან მოსული უენერგიობა, უამრავი ძილის შემდეგ ისევ ძილის სურვილი და ტკივილამდე გამძაფრებული დაღლა, რასაც ძირითადად საკუთარ სიზარმაცეს, დეპრესიულობას, უჟმურობას, ცუდ ადამიანობას და ათას ცუდ თვისებას ვეძახდი, ჩემს მინუსად ვთვლიდი. მეგონა, რომ სინამდვილეში საფუძვლად რაღაცების არგაკეთების სურვილი ედო, რადგან სხვანაირად აბა როგორ არ უნდა ადგე საწოლიდან? გამოძინებულს როგორ შეიძლება არ შეგეძლოს ნივთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადადება ან მეცადინეობა ან მუშაობა?! ესეიგი ზარმაცი ხარ და არ გინდა! სულ ამ თვითგვემაში ვიყავი, სანამ გავიგებდი, რომ ენდომეტრიოზი მაქვს და სანამ სხვა ქალების გამოცდილებებს გავეცნობოდი და აღმოვაჩენდი, რომ თურმე სიმპტომია და არა ჩემი ხასიათის თვისება.
უფრო დეტალურად რომ აღვწერო ეს სიმპტომი:
არის დღეები, როცა დილით ოფისში წასვლამდე შემიძლია დილით ადრე გავიღვიძო, ჭურჭელი დავრეცხო, ვისაუზმო, თავიდან დავრეცხო ჭურჭელი, ფეხით წავიდე ოფისამდე, ვიმუშაო მთელი დღე, ლანჩზე გავიდე მეგობრების სანახავად, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დავესწრო მაგისტრატურის ლექციებს, ლექციების შემდეგ წავიდე მეგობრებთან იქ ცოტა ვიმეცადინო და მერე გასართობად წავიდე.
და არის დღეები, როცა სამსახურში ჯდომა არ შემიძლია, ლანჩზე გასვლა არ შემიძლია, ლანჩის დროს ჭამის ნაცვლად ვიძინებ, ვსვამ ულევ ყავას და სამსახურის დასრულებისთანავე სახლში მივდივარ და ვიძინებ.
შეიძლება მოულოდნელად პროდუქტიული დღის შუაში გავითიშო ან დაღლილი დღის შუაში გავხდე პროდუქტიული და არაფერია, რისი გაკეთებაც შემიძლია “თავის ხელში ასაყვანად”.
ენდომეტრიოზის აღმოჩენის შემდეგ, გავიგე, რომ თურმე ამ დიაგნოზის მქონე სხვა ქალებსაც აქვთ დღეები, როცა უდიდესი პროდუქტიულობიდან შეიძლება ჩამოვარდნენ და ვეღარც ადგნენ და თურმე დაღლას სხვებიც ძილში გაურბიან, სხვებსაც სტკივათ სხეული დაღლილობისგან დილით გამოძინებულებს. ამის აღმოჩენამ უდიდესი შვება მომგვარა არა იმიტომ, რომ რაიმე გამოსავალი ვიპოვე, არამედ იმიტომ, რომ ამის ჩემი პიროვნებისგან გამიჯვნა მოვახერხე და როცა პროდუქტიული ვარ, მაქსიმალურად ვიყენებ საკუთარ რესურსს, რადგან ვიცი, რომ ზოგჯერ ჩავქრები და გამოძინება დამჭირდება ხოლმე, რასთან ბრძოლაშიც თუ ვერ გავიმარჯვებ წაგებული არ ვიქნები, არამედ უბრალოდ ის იქნება უფრო ძლიერი და დავიცდი, რომ გაიაროს. კი ბევრ დროს ვკარგავ, სხვა ადამიანებთან შედარებით, ზოგჯერ ვბრაზდები, რომ ცხოვრება მიდის და მე დროს ცუდად ყოფნას ვუთმობ, მაგრამ ამაზე დარდი უფრო მეტად მართმევს რესურსს და უბრალოდ ცუდ ხასიათზე მაყენებს, სხვა არაფრის შეცვლა შემიძლია.
ცხოვრების წესის შეცვლა
კარანტინის დროს ვარჯიში დავიწყე, მარტიდან მოყოლებული თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ იოგას, რაც ძალიან მეხმარება საკუთარი სხეულის ფლობაში, ბევრად თავდაჯერებული ვარ, უკეთ გავეცანი საკუთარ შესაძლებლობებს და ვმეცადინეობ ამ შესაძლებლობების საზღვრების გაფართოებაში, გაცილებით ნაკლებად ვშფოთავ და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ დავუმტკიცე საკუთარ თავს, რომ შემიძლია ისეთი რაღაცების ბეჯითად კეთება, რასაც აქამდე არ ვაკეთებდი და, გარდა იმ დღეებისა, როცა საერთოდ არ მაქვს განძრევის ძალა ან ტკივილი მიძნელებს სუნთქვას, ყოველთვის ვვარჯიშობ.
ასევე რაღაცებს გავეცანი ენდო დიეტასთან დაკავშირებით (რაზეც იმედი მაქვს, გამოცდილების მქონე ადამიანებიც დაწერენ ამ ბლოგზე), ამ ეტაპზე რაციონიდან ამოვიღე ძროხის რძე (და ჩავანაცვლე სოიოს, ბრინჯის, ნუშის რძეებით, რომლებიც თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში იყიდება და საკმაოდ ნორმალური ფასი ღირს, დილით ყავაში ჩასასხმელად ვიყენებ ხოლმე) და მინიმუმამდე დავიყვანე ხორცი, ძალიან იშვიათად ვჭამ თუ ძალიან მინდება ბურგერი ან რამე ისეთი საჭმელი, რომელშიც ხორცის გემოს ვერ ვანაცვლებ, თუმცა ბოსტნეულიანი და ფალაფელიანი ბურგერები ძალიან მიყვარს. ვცდილობ შევამცირო ცომეული, რაც ძალიან მიჭირს და ჯერჯერობით საერთოდ ვერ ვაკეთებ დაშვებას რაციონიდან ამოვიღო ყავა და ღვინო, არც ვარ დარწმუნებული, რომ მინდა ამდენი შეზღუდვით ცხოვრება.
საკვები დანამატები
ბევრი ვგუგლე და ვიკითხე სხვადასხვა ფორუმებზე ამ სიმპტომის და მასთან ბრძოლის შესახებ, ბევრი წერდა რომ ეს პრობლემა ჰქონდა, თუმცა ბრძოლის და ამ ბრძოლაში გამარჯვების გზები საკმაოდ ინდივიდუალური და რთულად მისაღწევი აღმოჩნდა. ძირითადად ერთმანეთს ურჩევდნენ ექიმების მიერ გამოწერილ ვიტამინებს (B, C, D, Magnesium) საკვებ დანამატებად, რითიც ასე თუ ისე ჰქონდათ შედეგი დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად.
მეც გადავწყვიტე მეცადა რამე, რადგან ასე გაგრძელება აღარ შემეძლო, დავუკავშირდი ჩემს მკურნალ ექიმს, რომელთანაც ჯერ ვიზიტი არ მიწევდა და შესაბამისად სადაზღვევოს ბიუროკრატიაში გახვევა მეზარებოდა და მივწერე ჩემი გამძაფრებული სიმპტომების შესახებ. დამინიშნა Alpha Protect საკვები დანამატი, რომელიც უნდა მესვა უზმოზე და ერთი თვის შემდეგ დაგეგმილ ვიზიტზე შეგვეფასებინა შედეგები და დაგვეგეგმა შემდეგი ტაქტიკა. როგორც დავგუგლე, ალფა პროტექტი ალფა ლიფოდურ მჟავას შეიცავს, რომელიც თავისმხრივ სხვადასხვა ბოსტნეულებში (ბროკოლი, ისპანახი) ისედაც ბუნებრივად მოიპოვება ხოლმე. ამ აბების ათი დღე სმის შემდეგ, სამწუხაროდ ზღვაზე ისე წავედი, რომ სახლში დამრჩა და ერთკვირიანი შუალედის შემდეგ ვაგრძელებ. ამ მედიკამენტის მოხმარებისას ჯერ არ შემინიშნავს ცვლილება ენერგიასთან დაკავშირებით და ვერ ვიტყოდი, რომ ზოგადი მდგომარეობა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შემცვალა, თუმცა აქაც გამომივლინდა გვერდითი ეფექტები (ჰა-ჰა :დ): შარდის ფერი გახდა მკვეთრი ფოსფორისფერი და გაუჩნდა მძაფრი (დამწვარი პლასტმასის :დ) სუნი და გამიღიზიანდა კუჭი ისე, რომ დამეწყო მუდმივი შებერილობის შეგრძნება, რასთან ბრძოლაც ეუკარბონით, დილაობით ალფაპროტექტის მიღებამდე, ომეპრაზოლის და შესაბამისი კვებით დავიწყე, შემდეგ კი ზღვაზე წავედი და დამრჩა, ახლა ისევ განვაახლე და ვნახოთ რა შედეგი მექნება.
თუ ვინმეს გაქვთ მუდმივ დაღლილობასთან ბრძოლის დადებითი გამოცდილება, გთხოვთ აუცილებლად გააზიაროთ კომენტარებში ან დაგვიკავშირდეთ და დაგვიწეროთ პოსტი.