შფოთვა, დეპრესია და ენდომეტრიოზი ამ დაავადების მქონე ქალებისთვის განუყრელი პრობლემებია. ენდომეტრიოზის სიმპტომები ხშირად ახდენს გავლენას პაციენტების ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე. ამიტომ ენდომეტრიოზი ითვლება მწყობრიდან გამომყვან მდგომარეობად, რომელმაც შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს ურთიერთობებზე, სექსუალობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ფსიქოლოგიურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ სიმპტომების სიმძიმის განსაზღვრაში. ქალები, რომლებიც იტანჯებიან ენდომეტრიოზით აფიქსირებენ შფოთვას, დეპრესიას და სხვა ფსიქიატრიულ პრობლემებს.
ერთერთი კვლევის თანახმად, ქალები, რომლებსაც ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ქვედა მენჯის ტკივილი აწუხებდათ, უფრო მაღალი შფოთვითა და დეპრესიით, დაბალი ცხოვრების ხარისხით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ქალები, რომლებსაც არ ჰქონდათ ტკივილი ან ვიდრე ჯანმრთელი ქალები. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა განზოგადების შესაძლებლობას არ იძლევა, ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებების თანახმად, ფსიქოპათოლოგიური დაავადებები შესაძლოა ზრდიდნენ ტკივილის სიმპტომებს ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებში და ამ გზით იქმნება უწყვეტი წრე, რომელშიც ფსიქოპათოლოგიური დაავადებები იწვევს მომატებულ ტკივილს მუცლის ქვედა არეში, ტკივილი კი თავისმხრივ აუარესებს ფსიქოპათოლოგიურ დაავადებებს.
მენტალური დაავადება შესაძლოა ადამიანმა გამოცადოს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს მატრავმირებელი გამოცდილებით ან პერსონალური ტანჯვით. თუმცა ხშირ შემთხვევაში, მენტალური დაავადება შესაძლოა განვითარდეს მსგავსი გამოცდილების გარეშეც. მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა კონდიციების ბევრი მაგალითი არსებობს, რამდენიმე მაგალითია: დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტიურობის სინდრომი, კვებითი აშლილობა, ობსესიურ კომპულსიური აშლილობა, პოსტ ტრავმული აშლილობა, შიზოფრენია და ა.შ. მკურნალობის მეთოდები განსხვავდება სინდრომის მიხედვით და უმეტესად მედიკამენტურ მკურნალობასა და ფსიქოთერაპიაში მდგომარეობს.
შფოთვა
შფოთვა არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სუნთქვის გახშირებით, გულის ცემით (პულსი), სისხლის წნევით, და კუნთური ტონუსის მომატებით და დაძაბულობით, ცუდი წინათგრძნობის, ღელვისა და მოსალოდნელი საფრთხის სუბიექტური შეგრძნებებით.
ორი ძირითადი კონსტრუქტი, რომლეთანაც დაკავშირებულია შფოთვა, არის შიში და ფობია. ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება ერთმანეთის ნაცვლად, თუმცა მათ შორის კონცეპტუალური სხვაობაა. შიში განისაზღვრება, როგორც საპასუხო რეაქცია საფრთხეზე, რომელიც ცალსახად იდენტიფიცირებულია. ხოლო შფოთვა არის რეაქცია მოსალოდნელ საფრთხესა და საშიშროებაზე, რომელიც არაა იდენტიფიცირებული. ასევე, შიშის რეაქციის ინტენსივობა ობიექტური საფრთხის პროპორციულია, ხოლო შფოთვის შემთხვევაში საპასუხო რეაქციები ხშირად მოსალოდნელზე გაცილებით ინტენსიურია (თუმცა ყველა თეორეტიკოსი არ ეთანხმება ამ განსხვავებას შიშსა და შფოთვას შორის). ფობია გადაჭარბებული შფოთვა ან შიშია, რომელიც აღმოცენდება ცალკეული სტიმულების საპასუხოდ. ფობიები იყოფა სამ კატეგორიად: სპეციფიკური ფობიები, სოციალური ფობიები და აგორაფობიები. შფოთვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და კოგნიციაზე. ზომიერი აღგზნების შემთხვევაში ის თავისი არსით ადაპტურია და ხელს უწყობს მიზანმიმართული ქცევის განხორციელებას. ადაპტური და არაადაპტური შფოთვის ერთმანეთისაგან განსხვავების ერთი გზა არის მისი „გონივრულობა/მართებულობის“ გათვალისწინება. [წყარო]
დეპრესია
დიდი დეპრესიული აშლილობის არსებითი ნიშანია, რომ მდგომარეობა, სულ მცირე, ორ კვირას უნდა გრძელდებოდეს და აღინიშნებოდეს ან დეპრესიული გუნება-განწყობილება, ან თითქმის ყველა აქტივობისადმი ინტერესისა და სიამოვნების დაკარგვა. ბავშვებსა და მოზარდებში გაღიზიანებადობა უფრო ხშირია, ვიდრე სევდა. გარდა ამისა, ინდივიდს, სულ მცირე, ოთხი დამატებითი სიმპტომი უნდა ჰქონდეს, მათ შორის, მადის ან წონის ცვლილებები, ძილის ან ფსიქომოტორული აქტივობის პრობლემები, შემცირებული ენერგია, უსარგებლობის ან დანაშაულის განცდა; აზროვნების, კონცენტრაციის ან გადაწყვეტილების მიღების სირთლეები; ან სიკვდილის, ან სუიციდის შესახებ განმეორებადი აზრები, ან თავის მოკვლის გეგმები ან მცდელობები. ამ, სულ მცირე, ორკვირიან პერიოდს თან უნდა ახლდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი დისტრესი ან გაუარესება სოციალურ, სამსახურეობრივ ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში, ფუნქციონირება ნორმალურია, მაგრამ ინდივიდს მეტი ძალისხმევა სჭირდება ამისათვის.
გუნება-განწყობილება ხშირად არის დეპრესიული, სევდიანი, უიმედო, უხალისო ან „თითქოს ფსკერზეა ჩაშვებული“. ჩვეულია შემცირებული ენერგია, უსარგებლობის ან დანაშაულის განცდა, რისი შედეგია არარეალისტური უარყოფითი წარმოდგენები საკუთარ თავზე. [წყარო]
ფსიქიკური ჯანმრთელობა და ენდომეტრიოზი
შფოთვა, დეპრესია და ენდომეტრიოზი დიდი ხანია რაც ასოცირებულია ერთმანეთთან და დიდი ხანია იკვლევა. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ენდომეტრიოზი და მასთან დაკავშირებული სიმპტომები და გამოცდილებები, შესაძლოა უძღვოდნენ გაუარესებულ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და გაუარესებულ ცხოვრების ხარისხს. ეს კავშირები უფრო ძლიერია იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც გამგები პარტნიორის ან მხარდაჭერის სისტემის ნაკლებობას განიცდიან და მარტოები უმკლავდებიან ამ დაავადების ქრონიკულ და მძიმე სიმპტომებს. ამის მიუხედავად, ენდომეტრიოზის მქონე ნებისმიერი ქალი არის მენტალური პრობლემების (შფოთვა, დეპრესია) განვითარების რისკის ქვეშ.
სხვა შესაძლო ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ შფოთვისა თუ დეპრესიის (ან სხვა ფსიქიკური პრობლემების) გამოწვევა არის ქრონიკული ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მტკივნეული სექსი, უშვილობა, დაგვიანებული დიაგნოსტირება, ასაკი, რომანტიული ურთიერთობა, ინტიმური პარტნიორის მზურნველობა, თვითშეფასება, თვითაღქმა (უარყოფით თვითაღქმას ან დაბალ თვითშეფასებას შემდგომში შფოთვის ან დეპრესიის გამოწვევა შეუძლიათ).
ასევე, ქალს, რომელსაც ცოტახნისწინ დაუსვეს ენდომეტრიოზის დიაგნოზი შესაძლოა უფრო მეტად გაუჭირდეს სტრესთან გამკლავება, ვიდრე ქალს, რომელმაც დიდი ხანია იცის თავის დიაგნოზი. მსგავსად, ქალები რომლებიც დაორსულებას ცდილობენ და ენდომეტრიოზის დიაგნოზს იგებენ და აქვთ უშვილობასთან ასოცირებული პრობლემები, შესაძლოა განიცადონ დიდი მენტალური პრობლემები, ვიდრე ქალებმა, რომლებსაც უკვე ჰყავთ შვილები ან ქალებმა, რომლებიც შვილების ყოლას არ ცდილობენ. მნიშვნელოვანია, დავაკონკრეტოთ რომ ეს მხოლოდ პოტენციური მაგალითებია და სინამდვილეში ენდომეტრიოზისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გადაკვეთა გაცილებით კომპლექსურია და ადამიანიდან ადამიანამდე იცვლის ფორმას. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომები ერთად თანაარსებობენ ციკლში, და როდესაც ერთი იზრდება მეორეც იზრდება. მაგალითისთვის ქვედა მენჯის ქრონიკულმა ტკივილმა შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა ან დეპრესია, რამაც შემდგომში შესაძლოა ტკივილის საფეხურები გაზარდოს. ფიზიკური ტკივილის გაზრდა შესაძლოა გაგრძელდეს ციკლურად და გამოიწვიოს ფსიქოლოგიური სიმპტომები თავიდან. [წყარო]
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების დიაგნოსტირებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან ხშირად ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია ყველა სიმპტომზე, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ. ექიმები ხშირად ყურადღებას მხოლოდ ფიზიკურ სიმპტომებს: ტკივილს, ჭარბ მენსტრუაციას, გულისრევას და ა.შ. აქცევენ, ვიდრე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. პაციენტები კი უიმედოდ ეძებენ პასუხებს, რომლებსაც ხშირად ვერც პოულობენ, თუმცა ეს ძიება, უიმედობა, მუდმივი ცვლილებები მკურნალობის სტატეგიაში და ქრონიკულ ტკივილთან გამკლავება თავისთავად უდიდესი სტრესია ფსიქიკისთვის.
მენტალურ პრობლემებთან გამკლავება
იმ შემთხვევაში თუ ენდომეტრიოზთან დაკავშირებულ სტრესთან გიწევთ გამკლავება, შფოთვის, დეპრესიის სიმპტომებს ატყობთ საკუთარ თავს ან ზოგადად გრძნობთ, რომ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესებულია:
- დაელაპარაკეთ თქვენს გინეკოლოგს ამ სიმპტომებზე
გინეკოლოგი, რომელიც ენდომეტრიოზის მართვაშია ჩართული არ არის მხოლოდ თქვენს საშოზე პასუხისმგებელი, რადგან ენდომეტრიოზი და ხშირად მის მართვასთან დაკავშირებული ჰორმონალური მედიკამენტები მთელ სხეულზე ახდენს გავლენას. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეცვალოს/შეიმუშავოს მკურნალობის სტრატეგია ან გადაგამისამართოთ შესაბამის სპეციალისტთან.
თუ ამჟამად არ გყავთ კონკრეტული მკურნალი ექიმი, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა ჩვენს ექიმებთან საკონსულტაციოდ. - მიმართეთ ფსიქოთერაპიას
ხშირად გვგონია, რომ ჩვენს ოჯახთან და მეგობრებთან საუბარი თერაპიული და რაც მთავარია საკმარისია, რომ “თავის ხელში აყვანა” ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი და რომ “სხვებს კიდევ უფრო უარესი პრობლემები აქვთ”, თუმცა ფსიქიკა ეგრე არ მუშაობს და რაც მთავარია, ფსიქიკური პრობლემა უკვე ფსიქიკური პრობლემაა, რომელსაც “ერთი თავს შემოუძახე” აღარ შველის.
ქრონიკული დაავადების მართვასთან დაკავშირებული დეპრესია, შფოთვა ან ნებისმიერი სხვა პრობლემა თავისით არასდროს დაგვტოვებს თუ სპეციალისტთან ერთად ამ პრობლემის მართვა არ ვისწავლეთ, რისი გაკეთების არც უნარები და არც შესაძლებლობები არ აქვთ ხოლმე ჩვენს მეგობრებსა თუ პარტნიორებს, უდიდესი სურვილის არსებობის მიუხედავად. ფსიქოთერაპია მხოლოდ ამბების მოყოლა და მსმენელისგან “არ ინერვიულო”-ს მიღება არაა, რისი არცოდნის გამოც ხშირად მეგობრობა და ფსიქოთერაპია ერთმანეთში ერევათ ხოლმე ადამიანებს.
შესაბამისად სირთულის მიუხედავად, უმჯობესია თვალი გავუსწოროთ ჩვენს დაავადებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემას და დავიწყოთ მასზე მუშაობა, ვიდრე უარეს შედეგამდე მივიდოდეთ. - მიმართეთ ფსიქიატრს
არსებობს შემთხვევები, როცა მხოლოდ ფსიქოთერაპია არ რის საკმარისი კონკრეტულ პრობლემასთან გასამკლავებლად ან ადამიანს უკვე ფსიქოთერაპიისთვის საჭირო ენერგია და რესურსიც აღარ აქვს შემორჩენილი, რა დროსაც შესაბამისი სპეციალისტები კონკრეტულ მედიკამენტებს (ანტიდეპრესანტებს, შფოთვასთან, ძილიანობასთან თუ უძილობასთან გასამკლავებელ აბებს) ნიშნავენ ხოლმე.
არ მიხვიდეთ ფსიქიატრთან ისე რომ არ გააფრთხილოთ თქვენი გინეკოლოგი და ფსიქიატრი არ გააფრთხილოთ თქვენი დაავადების და იმ მკურნალობის კურსის შესახებ, რომელსაც ამ ეტაპზე გადიხართ. ზოგიერთი ჰორმონისა და ანტიდეპრესანტის ერთდროულად გადამუშავება ორგანიზმს უჭირს, შესაბამისად სპეციალისტმა ყველაფერი უნდა იცოდეს თქვენი ორგანიზმის შესახებ.
თუ არ იცით სად და როგორ მოიძიოთ ფსიქოთერაპევტი ან ფსიქიატრი, გაწევრიანდით მენატალური ჯანმრთელობის ჯგუფში, სადაც სხვა ადამიანები გაგიზიარებენ გამოცდილებას. - ესაუბრეთ ადამიანებს თქვენს პრობლემებზე
ხშირად ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები ვიკეტებით ხოლმე ჩვენს თავში და გვგონია, რომ ზედმეტი ტვირთი ვართ სხვებისთვის, თუმცა ჩვენს საყვარელ ადამიანებს ხშირად იმაზე მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ამას წარმოვიდგენთ.
იმ შემთხვევაში თუ ვერ იღებთ შესაბამის მხარდაჭერას თქვენი ახლობლებისგან, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანები, რომლებთანაც ენდომეტრიოზი გაერთიანებთ და მათ გაუზიაროთ თქვენი პრობლემები და დაღლა – ჯგუფი ენდომეტრიოზის მქონე ქალებისთვის. - იზრუნეთ თქვენს თავზე
ივარჯიშეთ, ისერინეთ, როცა თქვენი სხეული ამის შესაძლებლობას გაძლევთ არ მოიკლოთ ფიზიკური აქტივობა. ხშირად რთულია და მძიმეა, თუმცა ფიზიკურ აქტივობას და ვარჯიშს ჩვენი ფსიქიკისთვის არანაკლები სიამოვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხეულისთვის, ნუ ეტყვით თქვენს თავს უარს სიამოვნებაზე.