მითები ენდომეტრიოზზე უამრავია, რასაც ძირითადად ის უიმედობა იწვევს, რომელიც ქრონიკულ დაავადებას ახლავს, თუმცა სხვა ქრონიკული დაავადებებისგან განსხვავებით ენდომეტრიოზს კვლევებისა და ინფორმაციის სიმწირეც ახლავს. ძალიან ცოტა დროა გასული, რაც დღის წესრიგში ენდომეტრიოზზე საუბარი დაწინაურდა, ჯერ კიდევ ბევრს არ სმენია ამ დაავადების შესახებ და ჯერ კიდევ არსებობენ მსოფლიოში ექიმები, რომლებიც არ აღიარებენ ამ დაავადების სივერაგეს. ბევრი უიმედოდ დარჩენილი პაციენტი არსებობს, რომლებსაც სულ უფრო და უფრო ეზრდებათ უპასუხო კითხვების რაოდენობა, რის გამოც ხშირად ერთმანეთს მცდარი ინფორმაციით ამხნევებენ ან პირიქით იმედს უწურავენ ხოლმე.
საკუთარი გამოცდილების გაზიარება კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით რისი მტკიცებაც შეგვიძლია, მხოლოდ ის უნდა ვამტკიცოთ, დანარჩენი კი საკუთარ გამოცდილებად გავუზიაროთ ხოლმე ერთმანეთს და არა ჭეშმარიტებად, განკურნების წყაროდ და ერთადერთ სწორ გზად.
მითი 1. ენდომეტრიოზისგან განკურნება შესაძლებელია
არა, სამწუხაროდ. ბოდიში, ძალიან ცუდია ეს პასუხი, მტკივნეულია მასთან გამკლავება, შეგუება იმ იდეასთან რომ მინიმუმ მენოპაუზამდე ერთად იცხოვრებთ შენ და ენდო, მაგრამ ასეა, შეუძლებელია ამ დაავადებისგან განკურნება. ოპერაციის შემდეგ ისევ დაბრუნდება თუ ჰორმონალური მკურნალობით არ შევაჩერებთ, ორსულობის შემდეგაც დაბრუნდება, რო დაგვავიწყდება მერე ისევ შეგვახსენებს თავს და სულ ასე იქნებით ერთად.
მითი 2. ვარჯიში არ შეიძლება
ენდომეტრიოზის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკვერცხეებში ცისტები აქვს პაციენტს, ყოველთვის ეუბნებიან, რომ ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა იყოს ამ ცისტების “გასკდომის” განმაპირობებელი, თუმცა არანაირი სამეცნიერო კვლევა არ ამტკიცებს, რომ ვარჯიში აკრძალულია, რომ ლოგინად უნდა ჩავვარდეთ და აღარასდროს აღარ ავდგეთ რადგან ენდომეტრიოზი გვაქვს.
მაგრამ სამეცნიერო კვლევებისგან განსხვავებით, ჩვენი მეზობლები, უბრალო გამვლელები, სამედიცინო უნივერსიტეტთან რამდენჯერმე ჩავლილები და ზოგადად ყველაფერში კომპეტენტური ადამიანები ყოველთვის გეტყვიან, რომ “ვარჯიში არ ვარგა”, რომ “ცივზე არ უნდა დაჯდე”, რომ იოგა, პილატესი, სპორტ დარბაზში სიარული და ვარჯიშის ნებისმიერი სახეობა, რომელიც ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს (და ვიცით, რომ ენდომეტრიოზი მთელ სხეულზე ახდენს გავლენას), რომელიც გვიმატებს ენერგიას და თავს კარგად გვაგრძნობინებს უნდა ამოვიღოთ ჩვენი დღის წესრიგიდან.
პ.ს. არსებობს ვარჯიშის დროს ცისტების “გასკდომის” შემთხვევები ისევე, როგორც მაგალითად სექსის დროს ცისტების “გასკდომის” შემთხვევები და უბრალოდ საწოლში წოლის დროს ცისტების “გასკდომის” შემთხვევები, რომელთა განზოგადება და ამ ქმედებებისგან თავის შეზღუდვა არის ფუჭი.
მითი 3. ლაპარასკოპია კურნავს
გამომდინარე იქიდან რომ დაუდგენელია ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, შესაბამისად ვერ ხდება მისი განკურნება. Ლაპარასკოპია ხშირად წარმოადგენს სიმპტომების შემამსუბუქებელ ჩარევას. ლაპარასკოპიის დროს მხოლოდ დროებით ხდება ენდომეტრიული კერების ამოკვეთა, თუმცა ოპერაციის შემდეგ დაავადება რაღაც დროში (ზოგჯერ 2 წელი, ზოგჯერ მეტი და ზოგჯერ ნაკლები) ბრუნდება და ისევ აგრძელებს განვითარებას თუ პაციენტი ჰორმონალურ მკურნალობას არ აგრძელებს (თუმცა ჰორმონალური მკურნალობაც საჭიროებას შესვენებას).
მითი 4. ეპილაცია არ შეიძლება
თუ ენდომეტრიოზის დროს არ გამოვლინდა ჭარბთმიანობის სიმპტომი, როემლიმე ჰორმონალური მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ჭარბთმიანობაც და აკნეც, რასაც გინეკოლოგთან კონსულტაციის შედეგად შესაძლოა დავახმაროთ მედიკამენტი, რომელიც ამ პროცესს შეანელებს ან შეაფერხებს, თუმცა სახეზე ან ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე არ გვქონდა, ამოსულ თმას მხოლოდ ეპილაციამ შეიძლება უშველოს.
სასარგებლოა თუ არა ეპილაცია, ზიანს გვაყენებს თუ არა, ამასთან დაკავშირებით ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. ალბათ, შეუძლებელია ბუნებრივ პროცესებში ჩარევა და კაცებისთვის იმის ჩვენება, რომ სლიკინები ვართ, სასარგებლო იყოს ორგანიზმისთვის, მაგრამ ჯერ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, არ გასულა საკმარისი დრო იმისთვის რომ შეფასდეს დენის/ლაზერის/დიოდის და ა.შ. ეპილაციების მავნებლობა თუ უმნიშვნელობა, ამიტომ თუ ეპილაციას ისე ვიკეთებდით ხოლმე, ენდომეტრიოზის გამო მისი შეწყვეტა არ ღირს.
მითი 5. გარუჯვა არ შეიძლება
ეპილაციისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი ცოდნაა დაგროვებული სოლარიუმებთან დაკავშირებით, რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ არაა სასარგებლო და პირიქით საზიანოც კია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენდომეტრიოზის გამო არ უნდა გავირუჯოთ მზეზე და ზოგადად მზე აკრძალულია, განსაკუთრებით კი იმ საათებში, როცა მზის სხივების მიღება დასაშვები კიარა ძალიან სასარგებლოცაა. ბუნებრივად მზის მიღება დასაშვები კიარა, საჭიროც კია.
მითი 6. ენდომეტრიოზის მკურნალობა არაა აუცილებელი
კი, ენდომეტრიოზი არ იკურნება და კი, ყოველთვის ჩვენთან იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვაკონტროლებდეთ რა ფორმით იქნება ჩვენთან, რამდენად გაიზრდება/განვითარდება, რამდენ ორგანოს მოედება და რამდენად გაგვიუარესებს ცხოვრების ხარისხს.
თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ამ დაავადების სიმპტომებს და ეჭვი გაქვს, რომ შენც გაწუხებს, გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით.
ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რადგან ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!
შეავსე საკონსულტაციო ფორმა ან დაგვიკავშირდი –
მეილზე: consult@endo.ge
ფეისბუქ გვერდზე: ცხოვრება ენდომეტრიოზით