მსოფლიოში 10-დან 1 ქალი იტანჯება მუდმივი ქრონიკული ტკივილით და გაუარესებული აქვს ცხოვრების ხარისხი ამ დაავადებით გამოწვეული დისკომფორტებით. ენდომეტრიოზის მქონე პაციენტები ხშირად გარშემომყოფებისა თუ ექიმებისგან პასუხად იღებენ, რომ “ასეთია ქალის ბედი” და რომ “სინამდვილეში მენსტრუალური ტკივილი მოთმენადია” . არ არსებობს ცნობიერება საზოგადოებაში ამ დაავადების არსებობის შესახებ, ხშირად ქალები მთელ ცხოვრებას ატარებენ ტანჯვაში ისე, რომ პასუხად სწორ დიაგნოზსაც ვერ იღებენ. ამ ეტაპზე, არ არსებობს საკმარისი კვლევები საიმისოდ რომ ამ დაავადებისგან განკურნება ან მისი პრევენცია იყოს შესაძლებელი. ვფიქრობ, ერთერთი მთავარი მიზეზი რატომაც ენდომეტრიოზის შესახებ არ არსებობს ინფორმაცია საჯარო სივრცეებში, რომლებშიც სხვა დაავადებებს ხშირად განიხილავენ ადამიანები, ის ტაბუა, რომელიც მენსტრუაციას ადევს და მოთმენის ვალდებულება, რომელშიც ზრდიან გოგოებს პირველი მენსტრუაციიდან. ამიტომ გადავწყვიტე, შევქმნა ბლოგი, რომელზეც მე და სხვა ქალები მოვყვებით ჩვენი გამოცდილებიდან ყველაფერს ენდომეტრიოზის შესახებ და ტკივილისგან დატანჯული, სასოწარკვეთის პირას მყოფი სხვა პაციენტებისთვის ქართულ ინტერნეტშიც მოიძებნებოდეს პასუხები სხვების ენდო ამბების სახით.
როდესაც 11 წლის ასაკში ანუ 2000-იანების დასაწყისში, პირველად “მომივიდა”, მენსტრუაცია ერთერთი ყველაზე საკრალური, გაუგებარი და სასირცხვილო რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა დამმართნოდა, ჩემგან და აბსოლუტურად ყველასგან დამოუკიდებლად.
ზაფხულია, ცხელა, ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს… თბილისში ვარ და რა კარგია, რომ სოფელში არა… რომელიღაც ცხელ დღეს, საპირფარეშოდან გამოსვლის წინ, აღმოვაჩინე სისხლი, ვერაფერს ვერ მივხვდი და შესაბამისად დაველოდე დედაჩემის შუადღის ნეფის (nap) დასრულებას, რომ ჩუმად შემეპარებინა, დედა, შენ არ ინერვიულო და ან ისაა, რაზეც ერთხელ მითხარი ან კიბო მაქვს-მეთქი, რაზეც ძალიან გამიბრაზდა, ხო გაგაფრთხილე, ეგრევე მითხარიო, ამსვა დივანზე და აბა ახლა სამჯერ ახტიო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ცრურწმენას უმტკივნეულო მენსტრუაცია უნდა ეჩუქებინა ჩემთვის, მე კი ყველაფერი გავაფუჭე და რამდენიმე საათიანი დილეი (delay) მოვაწყე მოსვლასა და ახტომას შორის!!!
მერე მასწავლა, ეხლა თუ არ გტკივა, მერე გეტკინება ხოლმე, საფენს ასე იღებ და ისე აფენ, თუ ძალიან ბევრი მოგდის მაგისთვისაც გასწავლი რაღაცებს, თუ ძალიან გეტკინება ხოლმე გამაყუჩებელი დალიე, მე ზოგჯერ სასწრაფოც მჭირდებოდა სკოლაში და არ იფიქრო, რომ მარტივი იქნებაო, რაც მთავარია არც შენს ძმას და მამაშენს არ უთხრა, ნახმარი საფენები უჩუმრად გადაყარე, არსად კვალი არ დარჩეს ან აბაზანაში ან საპირფარეშოში, უხმარი საფენები კი უჩუმრად გამოიტანე მაღაზიიდან, კაცებმა რომ ვერ დაინახონო.
გადმომეცა კონკრეტული ინსტრუქციები და დავიწყე ცხოვრება, თან ყვითელ ჟურნალებშიც ვეცნობოდი რაღაც ინფორმაციას მენსტრუაციის შესახებ, დაქალებთანაც ვმსჯელობდი, იმათ მერე თმები ამოგივა იიიიქოოო და ჰოჰო, კაია, ეგაა ზრდასრულობის ნიშანი-მეთქი, მეც ვაჯერებდი თავს. “უკვე ქალი ხარ” ეალრესებოდნენ შვილებს საპნის ოპერებში, მაგრამ მაინც ვერ ვიგებდი ნუ აი, კაი, გასაგებია რო კაია და გასაგებია რა ვუყო, მარა რა არის ან რატომ?
ბოლოს მივადექი 1921 წელს დაბადებულ ბებიაჩემს, რომელსაც უდიდესი ინფანტილურობით შევაპარე ამ საკითხზე მსჯელობა და დავცინცლე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ ყოველთვიურ სიბინძურეს, ტანჯვას, დედის თვალში სიბრალულსა და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებლად დასამალ მოვლენას!!! კავშირი ჰქონდა… wait for it… ორსულობასთან. ბებიაჩემმა კაია რო მოგდის, რო არ მოგდიოდეს ბავშვი ვერ გეყოლებოდა მერე, რას ამბობ, ღმერთმა დაგიფაროსო, კაი მარა ვაიდა არ მეყოლა მაინც რატო უნდა ხდებოდეს ეს-მეთქი და “не гневи бога”-ო და დაუსვა წერტილი ჩემს ცნობისმოყვარეობას.
მოვიდა სექტემბერი, წავედი სკოლაში, პირველად მაქვს თან ციკლი, თან სკოლა და თან ახალი კრემისფერი ბრიჯი ერთად. მივედი უქულესი (cool აღმატებულ ხარისხში ოღონდ ქართულად), ჩემი კლასელი, რომელსაც თურმე ჯერ კიდევ წინა სასწავლო წელს მოუვიდა უკვე სიას აწარმოებს ვინაა იმენა ნაღდი ქალი და მისი ტოლ-სწორი და ვინ ვერა. მე კი ვარ, მარა დიდად ამას მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ-მეთქი რომელიღაც შესვენების შემდეგ განვაცხადე და ჩემი მერხისკენ გავემართე, საკუთარი თავით გაყოყოჩებული რომ არ წამოვეგე რაღაც დაუმსახურებელ კოალიაციას, რა დროსაც იხუვლა მათემატიკის საშინელმა მასწავლებელმა, იხუვლეს გოგოებმა, რომლებიც სამი წამის წინ უკან მოვიტოვე, შემოიკეტა კლასის კარი და ატყდა კაკანი: არიქა, არ დაჯდე, არა, არც ადგე, არ შეგეშინდეს, რამე არ გაქვს რო მოიხურო? ეხლა რა ვქნათ? როგორ გავაპაროთ? ვერავინ რო ვერ დაინახოს? არ ინერვიულო! რა გატირებს? აუ რა საყვარელია, ტირის. მე სინამდვილეში ის მატირებდა, რომ შემეშინდა, როგორც მაგალითად დაოვერდოზებულს (overdose) ეშინია, როცა აშინებენ “არა, არა ნუ გეშინია, უბრალოდ მწვანე ხარ”, თორე ჯერ ბოლომდე არც ვიცოდი, რატომ იყო სირცხვილი ეს, ბავშვის გაჩენის ფანტასტიური შესაძლებლობა. შემომახვიეს ვიღაცის მოკლესახელოებიანი(!) პერანგი (ე.წ. საროჩკა) როგორღაც…წელზე… ქამრად… რომელიც არ მიფარავდა არაფერს (ანუ ტრაკს? თუ რას? არც ვიცოდი რა უნდა დაეფარა) და გამომისტუმრეს სახლში, წადი დროოოოზეეე… არავის არ გამოელაპარაკო გზაში და არავის ყურადღება არ მიიქციოო (რასაც მაშინაც და დღესაც თანაბარი წარმატებითა და მინიმალური ძალისხმევით ვახერხებ)… ერთმა გოგომ გამოიწია, მე გავყვები კიდეც მააას-ო, მარა ეგ უკვე დუმბაძის სცენარი იყო და აღარ გამოვიდა.
გამოვედი კლასიდააან, მოვდივარ და ვგრძნობ მთელ იმ საცოდაობას, რომელიც ამდენმა მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზაში მდგომმა ქალმა გამომატანა კლასიდან, გამოვედი სკოლიდანაც… გაკვეთილები დაიწყო… არავინ არ უნდა შემხვდეს სკოლის ტერიტორიაზე დააა, რაღა თქმა უნდა, ფიზრის (ფიზკულტურის) გაკვეთილი სკოლის ეზოში, ჩემი კორპუსისკენ მიმავალ გზაზე, გადაჭიმული ჩემივე პარალელური კლასით: ჯერ ბიჭების სიმაღლის მიხედვით და აი, გოგოები სანამ დაეწყობიან, უცებ გადმომიხტა ერთი ჭინკა გოგო, რომელთანაც სავარაუდოდ აბსოლუტურად არაფრის ნიადაგზე მქონდა კონფლიქტი და ერთმანეთს, ჩვენი კლასელი ბიჭების დასანახად, მაქსიმალურ ვერბალურ შეურაცხყოფას ვაყენებდით. ამ გაკვეთილების დროს სად მიდიხარო?… აუ-მეთქი, შენ გოგო პროსტა გააჯვი, არაფრის აზრზე არ ხარ, იმანაც შემომიბრუნა, შენო რას გავხარო. დაუცაცხანა ფიზრის მასწავლებელმა, ჩადექი სიმაღლეშიო, მეც ამოვისუნთქე, მეთქი მომშორდა და იქნებ სხვებმა ვერ გაიგეს, რომ მახინჯი ვარ (იმიტორო ხო გაგებაზეა ეგ და…) და უცებ მთელი ამ გასწორებული რიგის დასანახად მომაცინა შორიდან, ესო უკან რა გჭირს, ვაჰაჰაო. მეთქი ვახ, არადა ხო დამამშვიდეს იმათ რო იმენა არაფერი გჭირს, მიდი სახლში და გამოიცვალეო და თურმე მთელი პარალელური კლასის დასაცინად გამომიშვეს, ეს საშინელი გოგოები, ასე როგორ მომექცნენ-მეთქი და ისევ დავიწყე ტირილი, მივედი სახლში, გავიხადე ეს საშინელი კრემისფერი ბრიჯი, რომელიც დღემდე მძულს, დავხედე და აი, რავი ორი უპატარავესი ლაქა აქვს ზედ, რის გამო გამომატარეს ეს ამდენი ვოქ ოფ შეიმიიიიი? (walk of shame), გამოვიცვალე და დავბრუნდი უკან, წინაზე ხომ წაღმა და ახლა უკუღმა გამოვიარე ეს გოლგოთა… ისევ ის გოგო გამოვარდა წრეში ბურთიდან, ბოდიში, იმენა ჩემი და ხარ, უცებ აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდაო… მეთქი ანუ, კაი, მპუუ… შევედი კლასში და მასწავლებელმა, იმენა ყველანი სინუსზე და კოსინუსზე კონცენტრირდით ახლა და არა ნათიაზეო და ხო იცით, როგორც ხდება ხოლმე… დადგა შესვენება, მომცვივდა ისევ მთელი კლასის საქალეთი და არაფერზე არ იდარდო, თურმე შესვენების დროს ლაშაც კლასში იჯდა და ვერაფერი ვერ გაიგო, მარა ჩვენ ავუხსენით და დავაფიცეთ, რომ ბიჭებს არ ეტყოდაო… მეც აი, ძაან მომეშვა გულზე… :დ
მას შემდეგ, კლასის გოგოების ცხოვრებაში “უკან შემხედე, რამე ხომ არ მაქვს” უბრალოდ ფრაზა კი არა, ჩემი სასირცხვილოდ დალაქავებული ბრიჯი იყო!
მენსტრუაცია კი, იმხელა ზაფრითა და ტკივილისთვის შემზადებით დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, კაი ვქენით, ოდნავ მაინც რომ განვვითარდით საზოგადოებად იმასთან შედარებით, თორე იმათთვის რომ დამეჯერებინა, არც გამბედაობა მეყოფოდა ოდესმე, გინეკოლოგთან დამეჩივლა მტკივა და იქნებ ასე არ იყოს-მეთქი, მერე კიდე წამოვსულიყავი და ბლოგი გამეკეთებინა, სხვა ქალებისა და მათი პარტნიორების გასაგონად, აქაოდა ენდომეტრიოზი არსებობსო.