როგორც იქნა და როგორც ცხოვრებას სჩვევია ხოლმე, დაუგეგმავად გეგმიური ლაპარასკოპიაც გამოვიარე და საკუთარ რეფლექსიას მე თვითონვე მოგიყვებით, ენდომეტრიოზის დიაგნოზიდან 3 წლის და ამ ბლოგის შექმნიდან 1 წლის თავზე ანუ მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი რაღაც გავიგე ჩემი სხეულის, ენდომეტრიოზის და ენდომეტრიოზის მქონე სხვა ადამიანების სხეულების შესახებ.
ლაპარასკოპია ისევე, როგორც ვიზანა ან ენდომეტრიოზის მართვის რომელიმე გზა არ არის გამოსავალი ყველა შემთხვევისთვის და ამ პოსტის მეშვეობით აღვწერ მხოლოდ ჩემს ინდივიდუალურ გამოცდილებას, როგორც ერთერთ შვებას, რომელიც ამ დაავადების მართვის პროცესში დროებით მივიღე. ენდომეტრიოზი, სამწუხაროდ, ისევ არ იკურნება.
ამ გადაწყვეტილებისგან თავს ვიკავებდი, სანამ ჩემი ტკივილი მართვადი იყო ჰორმონალურად, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად იცვლება ხოლმე, თუნდაც ერთი წლის ვადაში.
საკუთარი გამოცდილების გაზიარებაში ვიზანას 6 თვე და მენსტრუაციის მოლოდინი აქ გავჩერდი და ზოგადად აქვე გაჩერდა ჩემი რეფლექსიაც და ექსპრესიაც საკუთარ გამოცდილებაზე. ვიზანას შემდგომი პირველი თვეები ჩვეულებრივი იყო, ტკივილის ჩვეულებრივი ხარისხით და ჩვეული დისკომფორტებით, თუმცა რაც დრო გადიოდა მით უფრო რთულდებოდა და ბოლოს უკვე გაუგონარი სიმაღლეები დაიპყრო.
ვიზანას სმა დეკემბერში შევწყვიტე, გაზაფხულისკენ გამიარა ვიზანას მოტანილმა დეპრესიამ და მის მიერ მოგვრილმა შვებამაც, აპრილში უკვე ერთი თვიდან მხოლოდ ერთი კვირა იყო დარჩენილი, როცა არ მტკიოდა და სამწუხაროდ ეს ერთი კვირა ჩემს დაბადების დღეს (ანუ წლის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე გარდამტეხ დღეს) ვერ დაემთხვა და შვებულების ერთი კვირა ტკივილისგან დაბუჟებულმა და გაყუჩების სხვადასხვა მეთოდებისგან ტვინწართმეულმა გავატარე.
ზუსტად მახსოვს ეს მომენტი, როცა ჩემს დაბადების დღეზე, აპრილის ბათუმურად სუსხიან დღეს, კატერზე ერთსაათიანი გასეირნებისას ტკივილისგან გაშეშებულმა ძლივს მოვახერხე არაკომფორტული დგომიდან არაკომფორტულ წოლაზე გადასვლა, გაზაფხულის მოჭყლოპინე დელფინებთან სალაპარაკოდ და მივხვდი, რომ აღარ შემეძლო. იმ მომენტისთვის როგორიც იყო ჩემი ცხოვრება, საერთოდ აღარ შემეძლო, ისევ ჰორმონებით ორგანიზმის მოტყუება, ისევ დისკომფორტები და არაპროგნოზირებადი ცვლილებები აღარ შემეძლო და აღარც მინდოდა და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ შემდეგ დაბადების დღეზე აღარ მექნებოდა ამდენი ტკივილი, არაფრის და არავის ხათრით, იმედით თუ უიმედობით.
მთავარი იყო, რომ გადავწყვიტე და დანარჩენი ადრე თუ გვიან თავისით მოხდებოდა.
მაისში დილით საუზმისას ვსვამდი პირველ გამაყუჩებელს და დღის განმავლობაში რამდენიმე საათში ერთხელ ვამატებდი, რომ ეფექტი არ გასვლოდა და ტკივილი ძაან მაღლა არ ავარდნილიყო, ათბალიან შკალაზე 5-ზე სულ მტკიოდა, როცა გამაყუჩებლებს ვსვამდი. სტრესული თვეც იყო მაისი, მაგრამ ამხელა ტკივილს მაინც არც ერთი სხეული არ იმსახურებს, არც ჩემი, თუმცა მაისში ვერ მოვიცალე გინეკოლოგთან მისასვლელად.
ივნისში მისვლისთანავე ჩემმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ არც შემომდგომამდე იმსახურებდა ჩემი სხეული ტანჯვას და ჯობდა სასწრაფოდ ამოგვეთხარა ენდო და მოგვეშორებინა დროებით მაინც. განვიხილეთ ყველაზე უარესი სცენარები, რომლებშიც ენდოს ვკარგავდი დროებით და რეპროდუქციას კიდევ უფრო მეტი ხნით. საშიში იყო ამის პირისპირ დარჩენა, მაგრამ კიდევ უფრო საშიში იყო შეუგუებელ ტკივილთან შეგუება, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ცალსახა იყო, ჩემი ემოციებისგან განსხვავებით.
ფსიქოთერაპიის კვირაში ერთელ დანიშვნა მომიხდა, უსაფუძვლო თუ საფუძვლიან შფოთვებთან და შიშებთან ერთად ვიცხოვრე ერთი თვე და კიდევ უფრო მეტად გავჩუმდი და მიუხედავად იმისა, რომ რეფლექსია სულ შემეძლო, ექსპრესია თითქმის საერთოდ აღარ შემეძლო. (ეს ხუმრობა ამ პოსტის ბოლომდე არ ამოწურავს თავს, უკაცრავად)
ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც თავში მიტრიალებდა იყო ის, რომ შეიძლება იმდენი ენდომეტრიული კერა ყოფილიყო ჩემს სხეულში, რომ ვერ გავთავისუფლებულიყავი ტკივილისგან, რომ ექოსკოპიაზე დანახული ცისტების ამოკვეთისას მოუწევდათ საკვერცხეების ამოკვეთაც და ცხოვრების გაგრძელება მომიწევდა ტკივილით, თანაც რეპროდუქციული ფუნქციების გარეშე, რომელი ფუნქციების მნიშვნელობაზეც მანამდე არასდროს მქონდა ნაფიქრი. სინამდვილეში, არ არსებობს გქონდეს ენდომეტრიოზი და არ გქონდეს რეპროდუქციაზე ნაფიქრი, თუმცა გამრავლება არასდროს ყოფილა ჩემს თუ დუ ლისტში, თუმცა არც ბოლომდე გამორიცხული ყოფილა ოდესმე, შესაბამისად ყველა სტერეოტიპი და ყველა სტიგმა და ოლღა გურამიშვილად დარჩენის ალბათობა, რომელსაც თავის ილიაც სჭირდება, ძალიან რთული გასამკლავებელი იყო, მაგრამ საბოლოოდ ერთი თვის მიწურულს, ზუსტად მქონდა ჩამოყალიბებული ორივე სცენარი, რომელშიც ნაყოფიერიც და უნაყოფოც ვაგრძელებდი ცხოვრებას და მოღვაწეობას, ლაპარასკოპიის შემდეგ.
სულ ერთი პატარა წამი აღმოჩნდა, ოპერაციაზე მისვლიდან ოპერაციის შემდგომი გაღვიძება და ანესთეზიიდან გამოსვლისთანავე გაგუას კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში, ანგელოზივით თეთრებში გამოწყობილმა ჩემმა ექიმმა შემოანათა, რომელმაც მახარა ყველაფერმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე წარმოგვედგინა, მეოთხე სტადიის გავრცელების ნაცვლად პირველი სტადიის გავრცელება დაგვხვდა, მილებიც გამტარია, საკვერცხეებიც საკაიფო, ახლა დაისვენეო.
რამდენიმე დღე დამჭირდა ძალების მოსაკრებად და ლაპარასკოპიის მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეოების სანახავად, ასეთი ვიდეოები უამრავი მაქვს ნანახი, მაგრამ ამჯერად პაციენტის როლში მე ვიყავი. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია არ იყო მარტივი, თუმცა ოდნავადაც არ იყო ახლოს აპრილის და მაისის ტკივილებთან და დისკომფორტებთან.
ორი კვირის შემდეგ, ისევ შევხვდი ჩემს ექიმს, დეტალურად განვიხილეთ ვიდეოები, გავრცელება და ტკივილის ხარისხი, რომელიც მქონდა.
იცით, რას ნიშნავს, როცა უხილავი დაავადება გაქვს, ლაპარასკოპიას იკეთებ და პირისპირ რჩები სურათთან, რომელსაც შიგნიდან გრძნობდი ტკივილად წლები? შვებას! შვებას და ცრემლებს და წყენას და იმედგაცრუებას, მაგრამ შვებას, შვებას უდიდესს!
ლაპარასკოპია არის ნათელი რეპრეზენტაცია შენი ტკივილისა, რომელიც მანამდე მხოლოდ შენს თავში იყო, არსად ჩანდა, არაფრით გამოიხატებოდა, ვერავინ იგებდა და ძალიან, ძალიან გაგიმართლა, რომ შენს ექიმს სჯეროდა შენი და შენგან განსხვავებითაც კი, არასდროს შეუტანია ეჭვი შენი ტკივილის რეალურობაში.
ყოველთვის და ყველა ურთიერთობაში უბრალოდ დაუჯერებელი და მომაბეზრებელია შენი ტკივილი და შენი სხეულის მიერ შენი შესაძლებლობების სპონტანური შეზღუდვა ისე, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეგეძლოს და მეორე დღეს არაფერი. შესაბამისად, არ არსებობს მეგობარი, ოჯახის წევრი ან გამვლელი, რომელსაც ბოლომდე სჯერა შენი უხილავი ტკივილის და რომლის ყოველდღიურობაშიც დისკომფორტი არ შეგაქვს გეგმების გაუქმებისა თუ “მაგარ ხოდზე” არყოფნის სახით, თან ამ დროს შენც არ გაქვს ნანახი შენი ტკივილი, არაფერი ხელშესახები არ არსებობს მასთან მიმართებაში, შესაბმისად ვერაფრით არჩევ სადაა ზღვარი შენს პიროვნებასა და ენდომეტრიოზს შორის.
ენდომეტრიოზისგან განკურნების ან დიდი ხნით გათავისუფლების წამალი არ არის ლაპარასკოპია, მაგრამ საკუთარი თავის, საკუთარი განცდებისა და ემოციების ენდომეტრიოზისგან გამიჯვნის და შვების, შვების, შვების წამალი ნამდვილად არის. ამიტომ ყველას გისურვებთ ლაპარასკოპიას და არავის გისურვებთ ენდომეტრიოზს.
ბლოგზე კვლავ welcome არის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ენდომეტრიოზთან დაკავშირებით საკუთარი ამბის გაზიარება თუ რაიმე სტატიის თარგმნა ენდომება. ნელ-ნელა, იმედია, მეც აღვიდგენ წერის სურვილს, თუ არადა ყოველთვის გამოინახება შვიდი მამაკაცი, რომელიც ჩვენზე უკეთ რეფლექსირებს, ჰაჰ.
პ.ს. თუ ამ ბლოგზე პირველად მოხვდი, არ იცი ვის მიმართო ან ბოლო თვეების განმავლობაში საკონსულტაციო ფორმას ავსებდი და არავინ დაგიკავშირდა, ახლა წაიკითხე მიზეზები რატომაც არავინ დაგიკავშირდა და ბოდიშს გიხდი, ფორმა კვლავ აქტიურია და ეს ბლოგი კვლავ რჩება ერთერთ გზად, რომ ძალიან კარგი ექიმები დაგეხმარონ მართო ენდომეტრიოზი – ექიმთან კონსულტაცია!