რა არის ლაპარასკოპია?
ლაპარასკოპია ყველაზე გავრცელებული პროცედურაა ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებისა და ამოკვეთისთვის. მუცლის ღრუს მთლიანად გაკვეთის ნაცვლად, ქირურგი სამ პატარა პორტს იყენებს, აქედან ერთი ჭიპიდან იდგმება. შედეგად მუცელზე მხოლოდ სამი დაახლოებით ერთ სანტიმეტრიანი განაკვეთი კეთდება რომელიც უკვალოდ ხორცდება. მუცლის ღრუს დასათვალიერებლად ქირურგი ლაპარასკოპს იყენებს, რომელსაც მილის ერთ ბოლოში ნათურა და კამერა აქვს დამაგრებული და მუცლისა და მენჯის ღრუს აჩვენებს მონიტორზე. ამ პროცედურას ნაკლებად ინვაზიურს უწოდებენ, რაგდან მუცლის წინა კედლის დაზიანება მინიმალურია და რეაბილიტაციის პერიოდი მუცელკვეთასთან შედარებით ბევრად მცირეა.
პაციენტს წინასწარ აფრთხილებენ, რომ ლაპარასკოპიამდე 8 საათით ადრე არ მიიღოს საჭმელი ან სასმელი. ლაპარასკოპიას უმეტესად ზოგადი ანესთეზიით ატარებენ, თუმცა ასევე შესაძლებელია ლოკალური ან სპინალური ანესთეზიის გამოყენებაც. პროცედურას ქირურგი ან გინეკოლოგი (ზოგიერთ ქვეყანაში ენდომეტრიოზის სპეციალისტი) ატარებს.
პროცედურის დაწყებისას მუცელი გაზით (ნახშიროჟანგი ან აზოტის ოქსიდი) იბერება, რათა ქირურგს უფრო მეტი სივრცე ჰქონდეს. გაზი, რომელიც პატარა მილით შეჰყავთ მუცელში, ორგანოებს და მუცლის წინა კედელს აშორებს ერთმანეთისგან, რათა ორგანოების დანახვა უკეთ იყოს შესაძლებელი. პროცედურა სიტუაციის შესაბამისად ჯამში 30-დან 60 წუთამდე გრძელდება.
შესაძლებელია ლაპარასკოპიასთან ერთად ჰისტეროსკოპიაც გახდეს საჭირო. ჰისტეროსკოპი ლაპარასკოპის მსგავსი ინსტრუმენტია. იგი საშვილოსნოს ღრუს ვიდეო კამერით დათვალიერების და საშვილოსნოს ღრუში მცირე მანიპულაციების საშუალებას იძლევა, მაგალითად: ენდომეტრიუმის, ენდრომეტრიუმის პოლიპის და საშვილოსნოს ტიხარის ამოკვეთა.
ენდომეტრიოზისა თუ ამომფენი ლორწოვანი გარსის მოსაცილებლად, ქირურგმა შესაძლოა რამდენიმე ტექნიკა გამოიყენოს, ქსოვილის ამოჭრა, მისი ლაზერით ან ელექტრო დანით კოაგულაცია (“ამოწვა”).
პროცედურის შემდეგ მუცლიდან გაზს გარეთ უშვებენ, განაკვეთებს გაკერავენ რამდენიმე ნაკერით. როგორც წესი შრამები არ რჩება.
პაციენტს სახლში წასვლა იმავე ან შემდეგ დღეს შეეძლება.
როდის კეთდება ლაპარასკოპია?
თუ ექიმი ლაპარასკოპიას გთავაზობთ:
სრული სურათის დასანახად – ეს არის ერთადერთი ზუსტი გზა ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასასმელად, რადგან სხვა არც ერთი მეთოდით (ხელით გასინჯვა, ვაგინალური ექოსკოპია) არაა ენდომეტრიოზის კერების დანახვა. თუმცა “არანაირი ენდომეტრიოზის” დიაგნოზი არასდროსაა ზუსტი, რადგან კერები შეიძლება იყოს ძალიან მცირე და უხილავი ქირურგის თვალისთვის.
ამოსაკვეთად – ენდომეტრიოზის ნებისმიერი კერისა თუ ქსოვილისა, რომელიც შესაძლებელია იწვევდეს ტკივილს ან უშვილობას. საკვერცხეებზე არსებული კისტებიც ამ დროს ამოიკვეთება.
პასუხები პაციენტების კითხვებზე – ალექსანდრა გვენეტაძე
როგორც ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა, ლაპარასკოპიის დროს შესაძლებელია ჩვენი ცისტა გასკდეს, ჩაიღვაროს სხეულში და შემდეგ ეს უჯრედები დაითესოს სხვადასვა ადგილას და განვითარდეს ენდომეტრიოზი სხვა ორგანოებზეც. შემდეგ სხვა ექიმმა მითხრა, რომ სისულელეა ეს დაშვება და გასკდომის შემთხვევაშიც საშიში არაფერი არ არის. საინტერესოა, რამდენად დიდია ლაპარასკოპიის დროს ცისტის გახეთქვის ალბათობა და სახიფათოა თუ არა ეს ჩვენი ორგანიზმისთვის?
ცისტის მთლიანობის დაღრვევის ალბათობა იგივეა რაც ლაპარატომიის დროს. ეს ნაწილობრივ ქირურგის ოსტატობაზეც არის დამოკიდებული, თუმცა ორივე შემთხვევაში შესაძლებელია მუცლის ღრუს “გამორეცხვა” და ჩაღვრილი მასის ამოსუფთავება რაც ენდომეტრიოზის ახალი კერების გაჩენის ალბათობას ბევრად ამცირებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა მათთვის ვინც ორსულობას გეგმავს – კვერცხუჯრედის დარეზერვება თუ ჯერ ლაპარასკოპია. ორივეს აქვს პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და ჩვენ ექიმებშიც აზრთა სხვადასხვაობაა ამ თემაზე. რამდენიმე გინეკოლოგს და ქირურგს რომ კითხო სხვადასხვა პასუხს გაგცემენ.
ენდომეტრიოზის თითოეული შემეთხვევა ინდივიდუალურია და შესაბამისად ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს მოითხოვს. თქვენი ასაკის, ამჟამად არსებული საკვერცხის რეზერვის, დაგეგმილი ოპერაციული მკურნალობის, ენდომეტრიოზის გავრცელების ხარისხის მიხედვით, ექიმთან (რეპროდუქტოლოგთან) ერთად უნდა გადაწყვიტოთ თქვენს შემთხვევაში რა ვარიანტია უფრო სწორი, ჯერ ლაპარასკოპია თუ კვერცხუჯრედების რეზერვის შექმნა.
რატომ ლაპარასკოპია და არა ლაპარატომია? რა უპირატესობები აქვს ლაპარასკოპიას ლაპარატომიასთან შედარებით. რატომ უნდა ავირჩიოთ ლაპარასკოპია, თუ ორივეს გვთავაზობენ.
ლაპარასკოპია ნაკლებად ინვაზიური პროცედურაა რაც იმას ნიშნავს რომ, შემდგომი რეაბილიტაციის ხანგრძლივობა ბევრად ნაკლებია. ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობაც მცირეა, კლინიკიდან პროცედურიდან რამდენიმე საათში ან მეორე დილით გაეწერებით. თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, შესაძლოა, არსებული შეხორცებების გამო, ქირურგს ლაპარასკოპიული მეთოდიდან ლაპარატომიულ მეთოდზე გადასვლაც კი დასჭირდეს.
რა ეტაპზე იგეგმება ლაპარასკოპია? კისტის ზომა არის თუ არა განმსაზღვრელი და სიმპტომების გამოხატულება? თუკი არაა კისტა დიდი(3მმ-ზე პატარა) და პაციენტს არ აქვს გაუსაძლისი სიმპტომები, მაინც აუცილებელია თუ არა ლაპარასკოპია? ლაპარასკოპიის შემდეგ რა ტიპის მკურნალობაა საჭირო ენდოს ხელახალი წარმოქმნის ასარიდებლად?
რადგან ლაპარასკოპია დიაგნოზის დასაზუსტებელი ერთადერთი საშუალებაა, მისი საჭიროება დიაგნოზზე ეჭვის მიტანისთანავე დგება. ცისტის არსებობა და მისი ზომა, ისევე როგორც ენდომეტრიოზის ხარისხი პირდაპირპროპორციული არ არის ტკვილის. Მცირე ზომის ცისტის არსებობის შემთხვევაში ლაპარასკოპია საჭირო ხდება დიაგნოზის დასადასტურებლად ანუ იმის სათქმელად ეს ცისტა ენდომეტრიოიდულია თუ არა. ასეთი მცირე ზომის ცისტის არსებობის შემთხვევაში შესაძლო ფოლიკულური მარაგის დასაზოგად ფიქრობს ექიმი ცისტის მოშორებას. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და მხოლოდ ზომა არ განსაზღვრავს ოპერაციის აუცილებლობას. ლაპარასკოპიული ჩარევა ცისტის მოშორება სამწუხაროდ არ ნიშნავს ენდომეტრიოზისგან განკურნებას, ამიტომ ჰორმოპნული თერაპია შესაძლოა მაინც აუცილებელი გახდეს.
თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ამ დაავადების სიმპტომებს და ეჭვი გაქვს, რომ შენც გაწუხებს, გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით.
ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რადგან ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!
შეავსე საკონსულტაციო ფორმა ან დაგვიკავშირდი –
მეილზე: consult@endo.ge
ფეისბუქ გვერდზე: ცხოვრება ენდომეტრიოზით