ცხოვრება ენდომეტრიოზით ანუ ენდოამბები ქართულ ენაზე
მსოფლიოში 10-დან 1 ქალი იტანჯება მუდმივი ქრონიკული ტკივილით და გაუარესებული აქვს ცხოვრების ხარისხი ამ დაავადებით გამოწვეული დისკომფორტებით. ენდომეტრიოზის მქონე პაციენტები ხშირად გარშემომყოფებისა თუ ექიმებისგან პასუხად იღებენ, რომ “ასეთია ქალის ბედი” და რომ “სინამდვილეში მენსტრუალური ტკივილი მოთმენადია” . არ არსებობს ცნობიერება საზოგადოებაში ამ დაავადების არსებობის შესახებ, ხშირად ქალები მთელ ცხოვრებას ატარებენ ტანჯვაში ისე, რომ პასუხად სწორ დიაგნოზსაც ვერ იღებენ. ამ ეტაპზე, არ არსებობს საკმარისი კვლევები საიმისოდ რომ ამ დაავადებისგან განკურნება ან მისი პრევენცია იყოს შესაძლებელი. ვფიქრობ, ერთერთი მთავარი მიზეზი რატომაც ენდომეტრიოზის შესახებ არ არსებობს ინფორმაცია საჯარო სივრცეებში, რომლებშიც სხვა დაავადებებს ხშირად განიხილავენ ადამიანები, ის ტაბუა, რომელიც მენსტრუაციას ადევს და მოთმენის ვალდებულება, რომელშიც ზრდიან გოგოებს პირველი მენსტრუაციიდან. ამიტომ გადავწყვიტე, შევქმნა ბლოგი, რომელზეც მე და სხვა ქალები მოვყვებით ჩვენი გამოცდილებიდან ყველაფერს ენდომეტრიოზის შესახებ და ტკივილისგან დატანჯული, სასოწარკვეთის პირას მყოფი სხვა პაციენტებისთვის ქართულ ინტერნეტშიც მოიძებნებოდეს პასუხები სხვების ენდოამბების სახით.
გამარჯობა, ჩვენ ენდომეტრიოზი გვაქვს.
ეს ბლოგი შეიქმნა იმისთვის, რომ ქართული ინტერნეტი გავამრავალფეროვნოთ ენდო ამბებით: მკურნალობის, ტკივილის გაყუჩებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მცდელობების გასაზიარებლად იმ ქალებისთვის, ვისაც დღეს ან რამდენიმე წლის წინ დაუსვეს დიაგნოზი, დაუნიშნეს მკურნალობის ახალი მეთოდი და გინეკოლოგის კაბინეტიდან გამოსულს კიდევ უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე შესვლამდე ჰქონდა.
გამარჯობა, ჩვენ აქ ვართ, ბევრნი ვართ და ვეცდებით ერთმანეთის გამოცდილებით გიპასუხოთ კითხვებზე, რომლებზეც პასუხები ექიმებს ჯერჯერობით არ აქვთ.
ბლოგი ღიაა ყველა ქალისთვის, რომელსაც თავის ამბის მოყოლა და გაზიარება უნდა.