ნინკა ხაინდრავა გვიყვება პოლიკისტოზის დაავადების მართვის, ხარჯებისა და ამ დაავადებით ცხოვრების თავის პირად გამოცდილებაზე საქართველოს ჯანდაცვის პირობებში.
Რადგან შესაძლებლობა მომეცა პოლიკისტოსზე მესაუბრა, გადავწიყვიტე პირველ რიგში ვისაუბრო მითებზე და ცრუ წარმოდგენებზე რაც ამ დაავადების ირგვლივ არსებობს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე, რომელიც ძალიან ხშირად გვტოვებს ქალებს მარტო ჩვენი ენდოკრინული და რეპროდუქციული დაავადებების წინაშე, ფარმა მარკეტზე – რომელიც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის ჩვენი ხელფასები გასწვდეს იმ მედიკამენტებს და დანამატებს რაც ჩვენი დაავადებების სამართავად გვჭირდება, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ – სპორტ კომპლექსებზე (დარბაზი, აუზი, სპორტული წრეები), რომელიც ასევე კატასტროფულად ძვირია ჩვენს ხელფასებთან თანაფარდობით, ბოლო ნაწილში შევეცდები ჩემს გამოცდილებაზე ვისაუბრო, რაც მგონია რომ რამდენადაც რელევანტურია, იმდენად არარელევანტური შეიძლება იყოს ქალებისთვის ვისაც დრო, ფინანსური და ემოციური რესურსი არ გააჩნია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის პირობებში, მართოს დაავადება რომელიც ცხოვრების გარკვეული ასპექტების მოდიფიკაციას და საკმაო დისციპლინას მოითხოვს, ამიტომ ამ შენიშვნას აქვე გავაკეთებ, ჩვენი გამოცდილებები და შესაძლებლობები ვერ იქნება იდენტური, თუმცა ერთად შეგვიძლია გავბრაზდეთ და გადავდგათ ნაბიჯები ჯანდაცვის და სოციალური სისტემების შესაცვლელად.
Რა არის პოლიკისტოზი ?
Პოლიკისტოზი ენდოკრინული დაავადებაა, ეს არ არის რეპროდუქციული დაავადება რაც გავრცელებული მითია. Პოლიკისტოზი ჩვენს ჰორმონებზე ზემოქმედებს და ანდროგენული ჰორმონების ჭარბწარმოებას იწყებს, რაც იწვევს საკვერცხეებში “კისტების” წარმოქმნას, ეს კისტები რეალურად ფოლიკულებია, რომლებმაც ჩვენი ჭარბი ანდროგენების გამო გასკდომა ვერ მოახერხეს და მოუმწიფებელ კვერცხუჯრედს ინახავენ, რეალურად ეს არ არის კლასიკური “კისტა” და ამის ახსნა ხშირად ავიწყდებათ ექიმებს. კვერცხუჯრედის მოუმწიფებლობის გამო არ დგება ოვულაცია, რაც ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს. Პროგესტერონის დონე დაბალია და ანდროგენების დონე მაღალი, ამიტომ პოლიკისტოზის მქონე ქალებს ციკლი უფრო იშვიათად აქვთ. სამედიცინო მეცნიერებას ჯერ-ჯერობით არ აქვს პასუხი თუ ზუსტად რა იწვევს ანდროგენული ჰორმონების ჭარბწარმოებას ქალებში, თუმცა დადასტურებულად რაც ვიცით ისაა რომ გენეტიკა და ინსულინ-რეზისტენტობა მჭიდრო კორალაციაშია პოლიკისტოზთან.
Პოლიკისტოზის ნიშნებია:
არარეგულარული ციკლი
მენსტრუაციის დაგვიანება
მტკივნეული მენსტრუაცია
ძალიან მსუბუქი და ხანმოკლე სისხლდენა
ჭარბთმიანობა
წონის მატება მუცლის არეში
აკნე და ცხიმიანი კანი
ანდროგენული თმისცვენა და უნაყოფობა.
Მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ ყველა ქალს არ აქვს იდენტური სიმპტომები, შეიძლება ჩამოთვლილი სიმპტომებიდან მხოლოდ 2 გამოვლინდეს ან ყველა ერთად, ასევე ინდივიდუალურია სიმპტომების სიმძიმე და სპექტრი, ამის გამო ხშირად გვიან ან საერთიდ არ ხდება პოლიკისტოზის დიაგნოზირება. Ჩემი რჩევა იქნება თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი მაინც შეგიმჩნევიათ, მიმართოთ გინეკოლოგს ან ენდოკრინოლოგს პოლიკისტოზის დიაგნოსტირებისთვის.
Როგორ ვმართოთ პოლიკისტოზი ?
ორ ნაწილად დავყოფ, პირველი ნაწილი მედიკამეტოზური მართვაა, მეორე ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია.
რადგან პოლიკისოტზი ჰორმონალურ ქაოსს იწვევს, ჩვენი პირველი მისია ჰორმონების დარეგულირებაა, ამაში კონტრაცეფციის აბები გვეხმარება, ციკლი მოყავს მწყობრში და ანდროგენული ჰორმონების ჭარბწარმოებასაც ერევა, თუმცა აქ რთული ნაწილი ისაა რომ სანამ თქვენთვის შესაბამისს კონტრაცეპტივს მიაგნებთ რომელთანაც “დაიქლიქებით” და ნაკლებ გვერდით მოვლენას გამოიწვევს, შეიძლება საერთოდ ჩაიქნიოთ ხელი როგორც თქვენს საკვერცხეებზე და პოლიკისტოზზე, ისე ცხოვრებაზე (ტირილის სმაილი), ახალი ამბავი არ არის რომ ჰორმონალური კონტრაცეფცია ძალიან არაპროგნოზირებადია, სხვადასხვა კონტრაცეფტივები სხვადასხვა ადამიანებზე სხვადასხვანაირად მოქმედებენ, ამიტომ თქვენთვის იდეალური კონტრაცეფტივის ძიების გზაზე რამოდენიმეჯერ შეიძლება დაეცეთ (როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად) თუმცა არ დაკარგოთ რწემნა რომ რომელიმეს აუცილებლად მოირგებთ.
Მეორე პრეპარატი რომელსაც პოლიკისტოზის დროს ნიშნავენ მეტფორმინია, რომელიც ებრძვის როგორც ანდროგენებს, ისე ინსულინ-რეზისტენტობას და შაქრის დონის რეგულირებაში გვეხმარება, დარეგულირებული შაქარი კი ნაკლებ ნახშირწყლების მოთხოვნილებას ნიშნავს, რაც წონის კლებასაც იწვევს.
Მესამე პრეპარატი რომელსაც პოლიკისტოზის დროს ნიშნავენ ინოსიტოლია, ეს არი კვებითი დანამატი რომელიც ინსულინ რეზისტენტობას, ანთებას და კვერცხუჯრედის ჩამოყალიბებას ეხმარება, ამას ადასტურებს მრავალი კვლევაც, ეს დანამატი ნაკვლევია, განსხვავებით სხვა ათასობით კვებითი დანამატისგან, რომელიც ბაზარზეა და მათ ხშირად მხოლოდ მარკეტინგი უმაგრებს ზურგს და არა მეცნიერული კვლევები.
Მედიკამენტებით მკურნალობის ფასი
Სანამ ცხოვრების სტილის მოდიფიკაციის ნაწილზე გადავალ, მინდა გითხრათ დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი თუ მედიკამეტოზურ მკურნალობას დავიწყებთ. თვიურად პოლიკისტოზის მკურნალობა, თუ სამივე პრეპარატის მოხმარებას დავიწყებთ 200 ლარამდე ჯდება, ჰორმონალური კონტრაცეპტივის თვიური დოზის ფასი, ბრენდების მიხედვით 20-50 ლარამდე მერყეობს, მეტოფრმინის თვიური დოზის ფასი 10 ლარამდეა, ყველაზე ძვირი ინოსიტოლის შემცველი დანამატებია, რადგანაც პოლიკისტოზის დროს სასურველი დოზა დღეში 2000 მილიგრამია და ბაზარზე არსებული პრეპარატის ინოფოლიკის ერთი ყუთი მხოლოდ 15 დღის დოზაა, 200 ლარიდან 150 ლარი მხოლოდ ინოფოლიკი ღირს, ბაზარზე ასევე სხვა პრეპარატებიც არის ინოსიტოლის შემცველობით, თუმცა 2000 მილიგრამის მიღების შემთხვევაში 150 ლარზე ნაკლები არცერთი ბრენდის ინოსიტოლი არ ჯდება, ამიტომ წინასწარ მოგიხსნით დოზების და ფასების შეფარდების კალკულაციის თავის ტკივილს.
Პოლიკისტოზის მართვის მეორე ნაწილი ჩვენი ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია და ჯანსაღი რუტინის გამართვაა, ვიცი ბევრჯერ გაგიგონიათ რომ “ვარჯიში და სწორი კვება” ყველანაირ კრიზისს დაგაძლევინებთ ცხოვრებაში, განუკურნებელს განკურნავს და გლობალურ დათბობასაც შეაჩერებს, მაგრამ თუ პოლიკისტოზი დაგატყდათ თავს, მართლა “ვარჯიში და სწორი კვებაა” ერთადერთი მდგრადი გზა და გამოსავალი.
Სწორი კვება რომ შევძლოთ და ინსულინი კვებით დავიბალანსოთ, ჯერ ნუტრიციაში უნდა გავერკვეთ, შემდეგ ჩვენს ემოციებში, შემდეგ იმაში თუ როგორ მიემართებიან ჩვენი ემოციები კვებას, ვერცერთი დიეტოლოგის, ენდოკრინოლოგის და ტრენერის A2 ფორმატზე დატეული “დიეტა” ვერ გვასწავლის და მიგვაჩვევს “სწორ” კვებას, რადგან ძალიან ინდივიდუალურია ყველა ადამიანის გემოვნება, კულტურული ბექგრაუნდი, ემოციური მდგომარეობა და კვებასთან დაკავშირებული ტრავმები, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენზე მორგებული ჯანსაღი კვების პოვნის გზაზე.
ასევე ვერ მივალთ ბალანსამდე აკრძალვებით და შეზღუდვებით, პირიქით, რაც შეიძლება მეტი და მრავალფეროვანი პროდუქტი უნდა ვაინტეგრიროთ ჩვენს რაციონში, მრავალფეროვანი ცილები, ცხიმები და ნახშირყლები. Ნუტრიციაში გარკვევის გზაზეც უამრავ დაბრკოლებას გადავაწყდებით, არც ეს არის სწორი და აღმავალი გზა პროგრესისკენ, ამიტომ ჩვენ თავებს დრო უნდა მივცეთ რომ გარკვეულ ცვლილებებს შეეგუონ, არ დავსაჯოთ და გავუბრაზდეთ თუ შემთხვევით ერთი ფილა შოკოლადი მთლიანად შემოეჭამათ.
ვარჯიშს რაც შეეხება, შეგახსენებთ რომ ინსულინის მარკერებს მკვეთრად აუმბჯობესებს ვარჯიში და სხეულზე კუნთის მასის მომატება, სწორედ ამიტომ გვაძლევენ ექიმები ვარჯიშის რეკომენდაციას. აქაც პერსონალიზირებული მიდგომაა საჭირო, თუ გვინდა რომ ჩვენი ვარჯიშის რუტინა მდგრად და გრძელვადიან ჩვევად იქცეს, ისეთი ფიზიკური აქტივობა უნდა ვიპოვოთ რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს, ადამიანები არასდროს ინარჩუნებენ და მიყვებიან ისეთ რუტინას რომელიც დამღლელი და დასაზარია. ვარჯიშია ყველაფერი რაც ჩვენი სხეულის რუტინულად მოძრაობას მოიცავს, ცეკვა, ცოცვა, სიარული, პილატესი, კრივი, ცურვა და წონებით ვარჯიში, მიუხედავად იმისა რომ წონებით ვარჯიში საუკეთესო და ყველაზე სწრაფი საშუალებაა კუნთის მასის მოსამატებლად და კვლევებიც გვეუბნება, რომ პოლიკისტოზის დროს არჩევანის შეჩერება წონებით ვარჯიშზე სჯობს. ჩემი რჩევა იქნება ისეთი აქტივობა იპოვოთ რომელიც სიამოვნებას მოგგვრით და გაგართობთ, რომ თქვენთვის ფიზიკური აქტივობის კომპონენტი ტანჯვასთან და წამებასთან არ ასოცირდებოდეს.
ბაზისური საკვები პროდუქტების და სპორტული წრეების თუ დარბაზების ფასები ქართულ ბაზარზე, იმის გარდა რომ დაბალანსებული კვება ერთი ადამიანისთვის 1000 ლარზე მეტი ჯდება თვიურად, სახლში საკვების მომზადებისთვისაც უნდა გამოყოთ დრო, რაც საკმაოდ რთული დავალებაა ქართველი overworked დასაქმებული ახალგაზრდის რეჟიმის გათვალისწინებით, სავარჯიშო დარბაზების ფასი 100 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს უბნების მიხედვით, აუზები კატასტროფულად ძვირია ქართულ საშუალო ხელფასთან თანაფარდობით, ამიტომ ზემოთ ნახსენები ცურვა შეგიძლიათ აქვე ამოიგდოთ თავიდან.
ერთადერთი დამაიმედებელი ფაქტორი ისაა რომ თუ ჯანსაღი კვების და ვარჯიშის რუტინას გარკვეული პერიოდი შევინარჩუნებთ, ნელ-ნელა დაიწყებს ინსულინი თვითრეგულირებას და წამლების რაღაც ნაწილის მოხსნა გახდება შესაძლებელი, მაგალითად ჰორმონალური კონტრაცეპტივისგან სპირონოლაქტონზეა შესაძლებელი გადასვლა, რომელიც ჰორმონი არ არის და შედარებით მსუბუქი ტესტოსტერონის ბლოკერია, ასევე მეტოფრმინის მინიმალურ დოზაზე ჩამოსვლა, ამ პროცესს ჰორმონების 3-6 თვეში ერთხელ გადამოწმებით ვაკონტროლებთ, რაც ასევე ასტრონომიულ თანხებს უკავშირდება, რასაც იმ ფაქტამდე მივყვართ რომ კერძო დაზღვევა თქვენი საუკეთესო მეგობარია პოლიკისტოზის დროს, იმიტომ რომ სახელმწიფო დაზღვევა ამ ანალიზებიდან და წამლებიდან 0% ანაზღაურებს. კერძო დაზღვევა კი, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის ხშირ შემთხვევაში ფუფუნებაა.
სამწუხაროდ, შევეცადე მსუბუქად აღმეწერა ის რეალობა რასაც პოლიკისტოზიანი ქალები სოციალურად და ეკონომიკურად ვაწყდებით და ყველაზე მწვავე და ხელშესახებ ბარიერებზე გავამახვილე ყურადღება, ამ პრობლემების უკან კიდევ ხუთი ამდენი დგას, მითუმეტეს ჩვენი ოჯახური მდგომარეობის, სოციალური კლასის და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.
Ჩემი გამოცდილება
დიაგნოზი 2019 წელს დამისვეს, ალბათ 5 სხვადასხვა კონტრაცეპტივი გამოვიცვალე, რადგან ტესტოსტერონს არაფერი მიგდებდა, მიუხედავად იმისა რომ ვარჯიში მალევე დავიწყე, 1 წლის მანძილზე ჰორმონების დარეგულირება წამლებით და ვარჯიშით ვერ შევძელი, თუმცა 1 წლის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ინსულინმაც და ტესტოსტერონმაც დარეგულირება, 2 წლის თავზე ჰორმონები მომიხსნეს და მეტფორმინის მინიმალურ დოზას ვსვამ (500მგ) თავიდან, ვარჯიშის და წამლების კომბინაცია ალბათ საუკეთესო პრაქტიკაა პოლიკისტოზის სამართავად, ამ გზაზე კი ექიმთან ერთად დაგეგმავთ გადაწყვეტილებებს პრეპარატებზე და დოზირებაზე.
და კი, Ჩემი შემოსავლის 95% პოლიკისტოზის მართვაზე მიდის, რაც უკვე ისედაც ჩემი ცხოვრების წესად იქცა.
ამ ეტაპზე ჰორმონების გადასამოწმებლად 6 თვეში ერთხელ დავდივარ ენოკრინოლოგთან, მიუხედავად იმისა რომ ჩემი დიაგნოსტირება გინეკოლოგის მიერ მოხდა, დაავადების სამართავად ენდოკრინოლოგს მივმართე, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ პოლიკისტოზი ენდოკრინული დაავადებაა. გინეკოლოგის უფრო ინტენსიური ჩართვა მაშინ ხდება მართვაში საჭირო, როდესაც დაორსულებას გადაწყვეტთ. Მიუხედავად იმისა რომ ექიმის პროფესიონალიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები თქვენ უნდა დანერგოთ და განახორციელოთ, ვერ ვიტყვი რომ პროფესიონალი და პოპულარული ექიმის 2 წლიან რიგში დგომა რამეს შეცვლის თქვენს ცხოვრებაში, თუ დიაგნოზი გაქვთ, თქვენი რუტინის მართვის წარმატებულობა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. არ არსებობს ჯადოქარი ექიმი ან დიეტოლოგი რომელიც ერთ გვერდიანი დიეტით თქვენ ცხოვრებას შეცვლის და რომელიმე დაავადებას მოარჩენს, ეს გზა თქვენ უნდა გაიაროთ და არ დაგავიწყდეთ რომ ყველა ქალის გზა და გამოცდილებები იდენტური არ არის და ვერ იქნება. ის რაც ჩემთვის მუშაობს შეიძლება თქვენთვის არ მუშაობდეს და ჯოჯოხეთი იყოს, ამიტომ შეეცადეთ გაეცნოთ სხვა პოლიკისტოზიანი ქალების გამოცდილებებს და მათი მართვის გზებსაც, მოიძიოთ ინფორმაცია ნუტრიციაზე, ჯანსაღი კვების პრაქტიკებზე, ისეთი კვების პრაქტიკებზე რომლებიც საკუთარი თავის განსჯისგან გაგვათავისუფლებს და ახლიდან დაგვანახებს კვებას როგორც საკუთარი თავის, სხეულის და გონების სიყვარულს, გახსოვდეთ რომ კვება დანაშაულის გრძნობასთან და სტრესთან არ უნდა ასოცირდებოდეს.
Ძალიან შემიმსუბუქებდა ცხოვრებას, ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის სისტემების გამართვა საქართველოში, რომ მთელი ეს პასუხისმგებლობები მხოლოდ ჩემი საზიდი არ ყოფილიყო მთელი ეს წლები და დარჩენილი ცხოვრება, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ბაზისური უფლებაა, ისევე როგორც ჯანსაღ საკვებზე. ფიზიკური აქტივობა კი პრევენციული ჯანდაცვის მთავარი საყრდენია ყველა იმ ქვეყანაში სადაც ადამიანების სოციალური კეთილდღეობა სახელმწიფოს საყრდენი ღირებულებაა. წამალი, ექიმი, კვება და ვარჯიში არ უნდა იყოს ფუფუნების საგნები ქვეყანაში რომელიც ევროპული ღირებულებებისკენ მიისწრაფვის და იმედს ვიტოვებ რომ ნელ-ნელა შევძლებთ ჯანდაცვის სისტემის გამართვას და შემდეგ ქალების საჭიროებებზე მორგებას.