საჩუქრების შერჩევის დრო მოახლოვდა და გადავწყვიტე 10 ყველაზე პრაქტიკული საჩუქარი შემერჩია, რომელსაც ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებს აჩუქებდნენ მეგობრები ან ჩვენ თვითონ ვიჩუქებდით საახალწლოდ. ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მძიმე ტკივილთან და მენსტრუაციის პერიოდში უამრავ არასასიამოვნო შეგრძნებასთანაა დაკავშირებული. მდგომარეობის შესამსუბუქებლად კი, არსებობს პროდუქტები, რომელთა უმეტესობაც ძალიან სასიამოვნო მოსახმარია რთულ პერიოდში და გადავწყვიტე რჩევების სახით შემეკრიბა სხვადასხვა წყაროებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან.
სამწუხაროდ ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ გვაქვს ყველა პროდუქტი, თუმცა გამოწერა ან ალტერნატივების მოძიება შესაძლებელია.
1. წყლის სათბურა ანუ hot water bottle
ენდომეტრიოზის დროს ტკივილის მენეჯმენტი ყველაზე რთულია, რაშიც სითბო დიდ როლს ასრულებს, შესაბამისად მის გარეშე ძალიან რთულია განსაკუთრებით მძიმე დღეების მართვა, ამიტომ წყლის სათბურა ძალიან კარგი, ხელმისაწვდომი და მარტივი გამოსავალია ასეთ დროს. თანაც ქართულ ბაზარზე ბევრგან, მათ შორის აფთიაქებშიც იყიდება.
2. ელექტრო სათბურა ბალიში ანუ heating pad
წყლის სათბურასგან განსხვავებით, ელექტრო სათბურას მართვის პულტი მოჰყვება, რომლის მეშვეობითაც სიმხურვალის მართვაა შესაძლებელი და შესაბამისად წელის არეში ტკივილის გასაყუჩებლად უფრო თამამად გამოიყენება, თუმცა ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია კანის დამწვრობების თავიდან არიდება და ორივე პროდუქტის ტანსაცმლის ზევიდან გამოყენება. სამწუხაროდ, ელექტრო სათბურების დიდი არჩევანი არ გვაქვს ქვეყანაში (ან მე არ შემხვედრია და კომენტარებში თუ დამიწერთ სად შეიძლება შეძენა, ძალიან გამახარებთ).
3. მენსტრუალური ტრუსები ანუ period undies
ენდომეტრიოზის სიმპტომებში, როგორც ჭარბი მენსტრუაცია ისევე მცირე, არარეგულარული მენსტრუაციაც იჩენს ხოლმე თავს, რისი მართვაც რთულია, ხშირად ისვრება საცვლები, რთულია მენეჯმენტი და გადაზღვევად კარგი შესაბამისი ტრუსის ქონა სრულებითაც არ არის ზედმეტი. საქართველოში ასეთ პროდუქციას არ შევხვედრივარ, რამდენიმე ასეთი ბრენდი არსებობს არაქართულ ბაზარზე, მე მხოლოდ ერთით ვისარგებლე ჯერჯერობით და ძალიან კმაყოფილი ვარ, ერთი წელიც არაა რაც ამ ტრუსს საპატიო ადგილი აქვს ჩემი საცვლების უჯრაში.
Shethinx ვებგვერდზე მივუთითე თუ როგორი (მძიმე, მსუბუქი, საშუალო) გამონადენის დღეებისთვის ვარჩევდი პროდუქტს, რა რაოდენობის ტამპონებსა და საფენებს ვიყენებდი და რის საპირწონედ მჭირდებოდა ტრუსი, მშვენიერი პროდუქტი მივიღე საბოლოოდ, ლარის და დოლარის ურთიერთმიმართება ამდენად მწვავე რომ არ იყოს, კიდევ გამოვიწერდი.
4. მენსტრუალური ჭიქა
მენსტრუალური ჭიქა ძალიან კარგი ვარიანტია თვის განმავლობაში მენსტრუალური ხარჯების შესამცირებლად. აფთიაქებშიც იყიდება უკვე, როგორც ვიცი და გამოწერაც შესაძლებელია. ქართული ინტერნეტიც დაიპყრო ნელ-ნელა და რეკომენდაციების ნახვასაც მარტივად მოახერხებთ თუ რის მიხედვით აარჩიოთ ზომა, როგორ გამოიყენოთ და ა.შ.
5. საკვების გამოძახების ვაუჩერი
რთულ დღეებში, როცა მთელი ენერგია ტკივილის მართვისკენაა მიმართული, თავის გამოკვევაც არანაკლები გამოწვევაა ხოლმე, რაშიც საკვების გამოძახება ძალიან ეხმარებათ ადამიანებს, შესაბამისად რამდენიმე ულუფის გამოსაძახებელი ვაუჩერი ძალიან კარგი და პრაქტიკული საჩუქარი იქნება.
6. აბაზანის ბომბები
მძიმე დღეებში, რელაქსაცია და ნერვების მოდუნება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ იცით, რომ თქვენს მეგობარს ჩასაწოლი აბაზანა აქვს, მაშინ აბაზანის ბომბები ძალიან გამოადგება და მძიმე დღეს აუცილებლად ტკბილად გაახსენდება თქვენი საჩუქარი.
7. მასაჟის/იოგის/მედიტაციის ვაუჩერი
მასაჟი, იოგა ან მედიტაცია, ალბათ, არავისთვისაა ზედმეტი საჩუქარი, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, თუმცა ტკივილისგან დაძაბულ სხეულსა და გონებას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, შესაბამისად ასეთი ვაუჩერი ნამდვილად კარგი არჩევანია ენდომეტრიოზის მქონე მეგობრისთვის, რომელსაც ჯერ თავად არ მიუღია ეს გადაწყვეტილება და რაღაც ნიშანს ელოდება.
რეკომენდაცია: ლუმოსი
8. თბილი პლედი და წინდები
ტკივილის დროს, სითბო რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა განსაკუთებით სასიამოვნოა, როცა ღუნღულა და პლედებსა და წინდებში ვიფუთნებით და ისე ვებრძვით სპაზმებს, ამიტომ დამატებითი პლედი ან წინდა არასდროსაა ზედმეტი და ნამდვილად პრაქტიკული საჩუქარი იქნება თქვენი მეგობრისთვის ან თქვენი თავისთვის.
9. სათბურა პლასტირები ანუ heating patches
პანდემიის პირობებში კი უმეტესად სახლებში ვართ ადამიანები, თუმცა ჩვენი ცხოვრება მხოლოდ კომფორტულ გარემოში და განსაკუთრებით საწოლში არ ვითარდება, შესაბამისად ხშირად ტკივილის მენეჯმენტი სახლის გარეთ სამსახურში/უნივერსიტეტში/წვეულებაზე/საყიდლების ყიდვისას და სხვა ნაკლებად კომფორტულ გარემოში გვიწევს ხოლმე, რისთვისაც ასეთი საინტერესო პროდუქტი გამოიყენება ხოლმე ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებში და მეც აუცილებლად ვგეგმავ გამოწერას, როგორც კი დამატებითი თანხა გამომიჩნდება, რადგან აფთიაქებში რამდენჯერმე ვიკითხე და მხოლოდ წიწაკის პლასტირები იყო ნამდვილი მამაკაცების დაჭიმული ზურგებისთვის (ჰა-ჰა) და არანაირი მენსტრუალური სპაზმების მოსახსნელი პლასტირების შესახებ არ სმენიათ გამყიდველებს.
პლასტერი საცვალზე მაგრდება წელზე ან ქვედა მუცლის არეში და რამდენიმე საათის განმავლობაში გამოყოფს სითბოს, რაც ტკივილის გაყუჩებას უწყობს ხელს.
10. მცენარეული ჩაი
ენდომეტრიოზის პაციენტებისთვის უამრავი რეკომენდაცია არსებობს კვებასთან და დიეტასთან დაკავშირებით, თუმცა მარტივად გასათვალისწინებელი ნამდვილად არაა ეს რეკომენდაციები და ამასთანავე ჩვენი საქმე დიდად არაა ჩვენი მეგობარი კონკრეტულად როგორ დიეტას მიჰყვება, შესაბამისად ჩარევა უხეშიცაა და შეუსაბამოც. თუმცა ასევე უამრავი რეკომენდაცია არსებობს მცენარეულ ჩაისთან დაკავშირებით.
კურკუმა და ჯინჯერი, გვირილა, მწვანე ჩაი, პიტნის ჩაი, ეს რეკომენდაციები მუდმივად მხვდება ხოლმე ენდომეტრიოზზე საუბრისას, როგორც პაციენტების ასევე სპეციალისტების მხრიდან, რადგანაც ანთების საწინააღმდეგო ფუნქციები აქვთ ამ მცენარეების უმრავლესობას, ენდომეტრიოზი კი ანთებითი დაავადებაა, შესაბამისად კარგი მცენარეული ჩაი არასდროსაა ზედმეტი.