ჩემი ლაპარასკოპიის შემდეგ გავიდა ორი წელი და ამ ორ წელში კიდევ დამატებით იმდენი მეთოდი გამოვცადე ენდომეტრიოზის სამართავად, რომ აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ. პირველ რიგში, ისევ ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის უნიკალურად ჩემი გამოცდილება და ზოგადად ენდომეტრიოზის გამოვლინებები იმდენად უნიკალურია, რომ გამოცდილებებიც შესაბამისად ძალიან განსხვავდება. ჩემს მიზანს, ამ პროექტის ფარგლებში, მაქსიმალურად ბევრი გამოცდილების აღწერა წარმოადგენს იმისთვის, რომ არც ერთმა ქალმა არ იგრძნოს თავი მარტოდ და ბევრად მეტი ამბავი გადმოიცეს იმისთვის, რომ დაგუგლვისას ვიღაცამ შეძლოს რამე მისთვის ნაცნობის წაკითხვა, რადგან ყველაზე რთული, როცა არაპოპულარული ქრონიკული დაავადება გაქვს, გულწრფელი თანაგანცდის პოვნაა.
ლაპარასკოპიიდან 4-5 თვეში ანუ მაშინ, როცა შევატყე, რომ დიდად სასიამოვნო მაინც არ იყო არც მენსტრუაციის და არც ოვულაციის დადგომა, გადავწყვიტე ისევ ჰორმონებისთვის მიმეკითხა, ოღონდ ამჯერად ვიზანა გამო აღარ მინდოდა ისევ ორალური ჰორმონის ცდა და გადავწყვიტე მკლავის ჰორმონალური იმპლანტი მეყიდა, რომელიც ასე პირდაპირ არ იყიდება აფთიაქებში, როგორც ჩანს არც ისე პოპულარულია, თან ფასიც არაპოპულარული აქვს. გავარკვიე, რომ შემეძლო ფარმადეპოში შემეკვეთა და ჩამოეტანათ (ნექსპლანონი 2021 წლის ნოემბერში 235 ლარი ღირდა). 2 კვირა ველოდე, ჩამომიტანეს და წავედი ექიმთან ჩავისვი. საკმაოდ მტკივნეული და არასასიამოვნო პროცედურაა, მერე მოშუშების პროცესში მტკიოდა მკლავი და დაყრდნობა მიჭირდა, თუმცა რამდენიმე თვეში სრულიად გადამავიწყდა და ხელს თუ არ გადავისვამდი, ისე ვერც ვგრძნობდი, რომ იმპლანტი მედგა. თუმცა სამწუხაროდ 6 თვეზე დიდხანს ვერ ვიმეგობრეთ მე და იმპლანტმა. ჩასმიდან ერთ თვეში რომ დამეწყო მენსტრუაცია, აღარასდროს დამიმთავრდა, 6 თვის განმავლობაში ყველაფერი ვცადეთ მე და ჩემმა გინეკოლოგმა, თუმცა ჩემი ორგანიზმში და მასში ჩადგმული იმპლანტი მაგრად გვეწინააღმდეგებოდნენ, ამიტომ 6 თვის შემდეგ, ამოვიღე. ამ 6 თვეში ვცადე ოქსიტოცინი, ორალური კონტრაცეპტივი და ანემიის დანამატებით კონტროლი, თუმცა შედეგად მივიღე ანემია, მომატებული 10 კილო, შფოთვა და ისევ არასასიამოვნო მენსტრუაციაც და ოვულაციაც, ბონუსად დამიბრუნდა შაკიკი, რომელიც მანამდე 10 წელი აღარ გამხსენებია.
ამის შემდეგ 5 თვეში დავიწყე ზოლოფტი, რადგან შფოთვას ვეღარ ვუმკლავდებოდი და ზოლოფტის გვერდითი ეფექტებიდან, რომლების შესახებაც ბევრი არაფერი მქონდა წაკითხული, ბონუსად მერგო ისევ უწყვეტი მენსტრუაცია, დიახ, ეს გამოდგა ჩემი ორგანიზმის ახალი ძლიერი მხარე, რომ ყველა მედიკამენტის ყველაზე უაზრო გვერდითი ეფექტები გამოივლინოს. ზოლოფტის სმა 6 თვის თავზე შევწყვიტე, რადგან შფოთვა უკვე კარგადა ხნის დამორჩილებული მყავდა, დანარჩენს ფსიქოთერაპიით ვუმკლავდები.
მენსტრუაციები მაინც საკმაოდ მტკივნეული მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ბოლო დარჩენილი მეთოდიც მეცადა, რაც იყო ჰორმონალური სპირალი, იგივე IUD, იგივე მირენა (ეს ჰქონდათ აფთიაქებს ადგილზე, 500-600 ლარს შორის ღირდა 2023 წლის მაისში, უფრო ექვსასისკენ მგონი), რომელმაც დიახ, ასევე ძალიან ბევრი მაწამა, 3 თვე უწყვეტი მენსტრუაცია მქონდა, რომლის კონტროლიც ორალური კონტრაცეპტივით ძალიან მძიმე დეპრესიაში გადაიზარდა და ბოლოს დავნებდი და გადავწყვიტე თუ ბუნებრივ პირობებში თავისით არ შეწყდებოდა დენა, მე აღარაფერს აღარ ვცდიდი და მალევე ამოვიღებდი მირენას, თუმცა სამი თვის გასვლის შემდეგ თავისით შეწყდა და ახლა ბევრად უფრო მარტივი გახდა ცხოვრება (უკვე ორი თვეა).
ამ ორ თვეში მივხვდი ყველაზე სამწუხაროსა და მთავარს, რომ ბოლო 4 წელი სულ ტკივილში ვცხოვრობდი და თურმე ჩვეულებრივად ყოფნა შეიძლება იყოს უმტკივნეულოდ ყოფნა და თურმე შეიძლება იყო თავისუფლად შენს სხეულში და მოძრაობა არ იყოს საშიში. ვნახოთ, ეს მეთოდი რამდენ ხანს გაძლებს და რა იქნება შემდეგი. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ცხოვრება ენდომეტრიოზით უფრო ექსპერიმენტია და ყველაფრის ჩემს თავზე გამოცდაა ამ ცხოვრების მთავარი აზრი.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.