Endo belly ანუ ენდო მუცელი [ენდომეტრიოზის ერთერთი სიმპტომი] – ენდომეტრიოზის მქონე ქალებში დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც არაკომფორტული, ხშირად მტკივნეული შეშუპებისა და შებერილობის აღსაწერად გამოიყენება.
ენდო მუცლის მთავარი სიმპტომი ძლიერი შებერილობაა, განსაკუთრებით მენსტრუაციის წინ. შებერილობის დროს მუცელი ივსება ჰაერით ან გაზებით და ვიზუალურად “ზრდის” მუცელს. შესაძლებელია ასევე ჰქონდეს დაჭიმულობის ან სიმკვრივის განცდა შეხებისას.
ენდო მუცელს შეუძლია დისკოფმორტის, ტკივილისა და ისეთი განცდის გამოწვევა თითქოს რაღაც გაწვებათ მუცელზე ან წელზე. მუცლის ქვედა მხარე შესაძლებელია გადიდდეს და შეშუპდეს დღეების, კვირების ან ზოგჯერ მხოლოდ საათების განმავლობაში.
ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ “ენდო მუცლის” ქონისას ისინი გამოიყურებიან ორსულებივით მაშინ, როცა არ არიან. ამ სიმპტომის გამოვლენას შესაძლოა მხოლოდ საათები აშორებდეს ერთმანეთისგან.
ქალები, რომლებშიც ეს სიმპტომი ვლინდება ხშირად განიცდიან სხვა კუჭ-ნაწლავის პრობლემებსაც.
როგორ ავირიდოთ ეს სიმპტომი თავიდან?

- ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ძილს და წყლის რაოდენობას
გადმოიწერეთ რაიმე აპლიკაცია, აწარმოეთ დღიური ან გამოიყენეთ თქვენი ტელეფონის “ნოუთები” იმისთვის რომ საათობრივად აკონტროლოთ როდის რა საჭმელი მიიღეთ, რა რაოდენობით წყალი, როდის შენიშნეთ ენდო მუცლის სიმპტომები, როდის გამოვლინდა ბოლომდე და დაგამსგავსათ 6 თვის ორსულს, რამდენი გეძინათ? ციკლის რომელ ფაზაში ხართ?
ამ რუტინის გამომუშავება დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში თუ რა იწვევს თქვენს ორგანიზმში ენდო მუცელს, რომელი საჭმელი შეგიძლიათ სრულიად ამოიღოთ რაციონიდან ან მოერიდოთ ხოლმე ციკლის ისეთ ფაზებში, რომლებშიც უფრო მეტი შანსია ენდო მუცელი დაგატყდეთ თავს. რამდენიმე თვე ამ რუტინაში და ყველაფერი გეცოდინებათ თქვენი ენდო მუცლის შესახებ.
- გაიარეთ კონსულტაცია თქვენს გინეკოლოგთან, ენდომეტრიოზის მქონე ქალებს ხშირად კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც აწუხებთ, შეიძლება სხვა რაღაცის მკურნალობამ ეს სიმპტომიც შეამსუბუქოს.
- იმოძრავეთ და ივარჯიშეთ თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, ენდო მუცლის გამო თავის შეზღუდვა არ ღირს, პირიქით – საჭმლის მონელებაში დაგეხმარებათ.
- სვით წყალი – ამას ხომ მუდმივად ყველა გვეუბნება, მათ შორის წყლის კომპანიებიც, თუმცა ერთერთი თეორიის თანახმად – დიდი რაოდენობით წყლის მიღება ხელს უშლის შებერილობას და შეშუპებას. დააკვირდით, იქნებ იმ დღეებში როცა ბევრ წყალს სვამთ ენდო მუცელმა ისე აღარ შეგაწუხოთ?
- ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი – არის დღეები, როცა ვერ ვაძლევთ თავს იმის უფლებას, რომ მოჭერილი, მუცელზე მომდგარი ტანსაცმელი ჩავიცვათ იმ ტკივილისა და დისკომფორტის გამო, რომელიც ენდო მუცელს მოაქვს, თუმცა მემგონი ღირს თვეში რამდენიმე დღის ფრიალა კაბით ან დიდი ზედებით გატარება საკუთარი კომფორტისთვის, არა?
ხშირად სხვა სიმპტომებს (ტკივილი, ორსულობის გაძნელება და ა.შ.) მიღმა რჩებათ ხოლმე ეს სიმპტომი ექიმებსაც და პაციენტებსაც მაშინ, როცა სინამდვილეში არც ისე მარტივია გამკლავება მოულოდნელად თავს დამტყდარ მონსტრთან, რომელიც შენს მუცელში ინდომებს დაბუდებას მაშინ, როცა მაღალწელიანი ჯინსი გაცვია და ჩვეულებრივ ცხოვრებას ცხოვრობ.
ერთ წუთას შეიძლება ვიღაცები კომპლიმენტს გეუბნებოდნენ იმის გამო თუ როგორი პრესი გაქვს ან როგორი ლამაზი მუცელი, ხოლო მეორე წუთას უტაქტოდ გსაყვედურობდნენ მომატებული კილოგრამებისა და უვარჯიშებელი მუცლის გამო :)) უცხო ადამიანებს ხშირად ორსულად ჰგონიათ ხოლმე ენდო მუცლის გამო ქალები, რომლებიც სინამდვილეში წლებია დაორსულებას ცდილობენ და უამრავ დროსა და რესურსს ხარჯავენ ამაში.
ქვევით მოცემული ინსტაგრამის პოსტები ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვლინდება ეს სიმპტომი და არ აქვს მნიშვნელობა ფიტნეს ინსტრუქტორები ვიქნებით და მკაცრ დიეტებს დავიცავთ ცხოვრებაში თუ არა, ვერაგი ენდო მაინც ვერაგი იქნება. ამაზე კი, ხმამაღლა თუ არ ვისაუბრებთ, ჩვენ გარშემო ცნობიერებას არ ავამაღლებთ ენდომეტრიოზის შესახებ და ჩვენს მეგობრებს მაინც თუ არ გავაცნობთ ჩვენს მდგომარეობას, თავისით ვერასდროს გაგვიგებენ.