
უკვე 6 თვე გავიდა, რაც endo.ge შეიქმნა. ბლოგი ენდომეტრიოზის შესახებ ინფორმაციასა და პირად ისტორიებს აერთიანებს და ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მას შემდეგ, რაც ამ თემაზე წერა დავიწყე, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მწერდა და მიყვებოდა თავის გამოცდილების შესახებ, მიზიარებდა როგორ დაეხმარა იმის აღმოჩენა, რომ მარტო არ არის დარჩენილი ამ დაავადებასთან ბრძოლაში და სხვებიც მის გვერდით ვართ. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ენდომეტრიოზის მქონე ქალებს ერთმანეთის მხარდაჭერა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა ესაჭიროებოდათ.
როგორც ვიცით, ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც არც იკურნება და არც იმდენადაა გამოკვლეული, რომ მისი გამოწვევი მიზეზების შესახებ დაზუსტებით ვიცოდეთ რაიმე. კარგი ამბავი ისაა, რომ ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია.
ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებას საშუალოდ 7 წელი სჭირდება და ქალები ხშირად ვიღებთ ჩვენს ტკივილებსა და დისკომფორტებზე საზოგადოებისგან თუ არაკომპეტენტური ექიმებისგან პასუხად რომ “ასეთია ქალის ბედი”, “აუცილებლად უნდა გვტკიოდეს მენსტრუაციის დროს”, “გავაჩინოთ შვილი და მოგვირჩება” და ა.შ.
ის, რომ მსგავს ბარიერებს ენდომეტრიოზის მქონე ქალები ყოველდღიურად აწყდებიან, ქართულენოვანი “ენდო მხარდაჭერის ჯგუფიდანაც” ჩანს. ეს არის სივრცე, სადაც “ენდო დები” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარ გამოცდილებაზე ყვებიან და ერთმანეთს ქრონიკული დაავადების თანმდევი უიმედობისგან იცავენ ხოლმე.
ჯგუფიდან ისტორიები ენდოამბების სახით ბლოგზე ზიარდება იმ ქალებისთვის, რომლებიც ჯგუფის წევრები ჯერ არ არიან, თუმცა ჩვენსავით მუდმივად ეძებენ პასუხებს.
ბლოგის გამოქვეყნებიდან მალევე უფასო კონსულტაციების ჩატარების საჭიროება გაჩნდა, რადგან ისედაც მძიმე ეკონომიკურ ვითარებას პანდემიაც დაერთო თან და ზოგიერთი ქალისთვის მხოლოდ დაავადებაზე ცნობიერების ამაღლება აღარ იყო საკმარისი, სექტემბრიდან დღემდე პროექტის ფარგლებში, სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე თინა გაგუას გუნდთან ერთად 50-მდე ქალისთვის უფასო გინეკოლოგიური კონსულტაციის გაწევა შევძელით.
დღეიდან “ქალთა ფონდის მხარდაჭერით” მოგვეცა შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად ავამაღლოთ ცნობიერება საზოგადოებაში ამ დაავადების შესახებ და ქალებს კიდევ უფრო მეტად შევუმსუბუქოთ სამედიცინო სერვისების მიღება – გაგრძელდება გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციები და ქალებს, რომლებსაც ერთწლიანი პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აქვთ გაუარესებული ეკონომიკური შესაძლებლობები – ერთჯერადად ავუნაზღაურებთ მედიკამენტებს ან ექიმის მიერ დანიშნულ ზოგიერთ დიაგნოსტიკურ გამოკვლევას.
შეავსე ფორმა, გაგვიზიარე შენი ენდო ამბავი, მიუთითე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და კონსულტაციის შენთვის სასურველი მეთოდი (სატელეფონო კონსულტაცია ან კლინიკაში ვიზიტი) და ფორმის შევსებიდან მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში კი (11:00-13:00 საათებში) გაიარე სატელეფონო კონსულტაცია ან დანიშნე ვიზიტი.
გახსოვდეს, რომ ენდომეტრიოზისგან განკურნება არა, მაგრამ ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია! ♡
იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაქვს ექიმის დანიშნულება და უფასო კონსულტაციის გავლის ნაცვლად პირდაპირ მედიკამენტის/სადიაგნოსტიკო გამოკვლევის ანაზღაურება გჭირდება ერთჯერადად,
დაგვიკავშირდი:
მეილზე: consult@endo.ge
ფეისბუქ გვერდზე: ცხოვრება ენდომეტრიოზით
ინსტაგრამზე: endostories.geo