რა არის ენდომეტრიოზი?

ენდომეტრიოზისგან განკურნება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ მისი მართვა.

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი, რომელიც ყოველთვიურად ჩამოიფრცქვნება, მენსტრუაციის დროს) მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის ქსოვილები არაბუნებრივ ადგილას ინაცვლებენ და იქ იწყებენ განვითარებას და მოქმედებას. ენდომეტრიული კერები შეიძლება გამრავლდნენ ყველგან საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედლებზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავზე, არსებობს შემთხვევები როცა ფილტვებშიც კი აღმოუჩენიათ.

ანუ როგორც კომიქსზეა აღწერილი, ენდომეტრიოზი ასეთი ერთი შეხედვით უწყინარი არსებაა, რომელიც ჩვენი და ჩვენი ორგანოების წინააღმდეგობის მიუხედავად, დასახლებას და გამრავლებას იწყებს ნებისმიერ ადგილას, სადაც მოუნდება. დასახლებისა და გამრავლების პროცესში კი ყველაფერს დანებს ასობს, რასაც მისწვდება, აზიანებს და ლეწავს, თან ამ ყველაფერს ისე აკეთებს, რომ შენ გადანაშაულებს, თითქოს თვითონ უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა ან შენ მიერ ნაჭამი საჭმელი არ მოეწონა ან ყურადღების გარეშე მოიწყინა ანდაც უბრალოდ მოსაბეზრებელი სიმღერა ჰქონდა საღიღინო.

ენდომეტრიოზის სიმპტომები:

ამ დაავადებას არაერთი სიმპტომის გამოწვევა შეუძლია და იმდენად ინდივიდუალურია მის მიერ გამოწვეული ზიანი და ცხოვრების ხარისხის გაუარესება პაციენტებში რომ რთულია სიმპტომების ერთ კონკრეტულ სიაზე ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებლად გააერთიანებს ყველას, ამიტომ სხვადასხვა წყაროებიდან ამოვკრიფე და შევადგინე “მაქსიმალური სია”, რომელიც კი ინტერნეტში შემხვედრია. იშვიათია ყველა ეს სიმპტომი ერთად დაფიქსირდეს, ზოგიერთ სიმპტომს, ენდომეტრიოზის გარდა (ან მასთან ერთად), სხვა დაავადებებიც შესაძლოა იწვევდეს. წარმოგიდგენთ ჩვენი ენდოს საგმირო საქმეებს:

  • მტკივნეული მენსტრუაცია, რომელიც ვლინდება პულსირებადი ან სპაზმური ხასიათის ტკივილით მუცლის ქვედა ან/და წელის არეში (დისმენორეა)
  • ტკივილი სექსუალური კავშირის დროს (დისპარეუნია )
  • ქრონიკული ტკივილი მცირე მენჯის არეში
  • ოვულაციური ტკივილი
  • სფოთინგი (spotting) – ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციამდე და მის შემდეგ
  • ჭარბი მენსტრუაცია
  • მენსტრუაცია, რომელიც გრძელდება 4-5 დღეზე დიდხანს
  • უნაყოფობა
  • მტკივნეული შარდვა ან/და კუჭის მოქმედება
  • ქრონიკული დაღლილობა / სხეულის ზოგადი სისუსტე
  • თავის ტკივილი
  • ციკლური ფეხის ტკივილი საჯდომი ნერვის ჩართვის დროს
  • გულისრევა ან გულისრევის შეგრძნება
  • ფაღარათი ან ყაბზობა
  • მუცლის შებერილობა
  • სხეულის ზოგადი სისუსტე
  • სუნთქვის გაძნელება

როგორ ვიპოვოთ ჩვენს სხეულში ასე კომფორტულად ჩასახლებული გმირი ანუ ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება:

  • გინეკოლოგის მიერ, ხელით გასინჯვა (ბიმანუალური გასინჯვა)
  • ტრანსვაგინალური ექოსკოპია
  • ჰისტოლოგიური კვლევა
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • ლაპარასკოპია

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება მწვავე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ანამნეზისა და საკვერცხეებში კისტების არსებობის დროს ვაგინალური ექოსკოპიითაც შესაძლებელია. თუმცა ყველაზე მთავარი მეთოდი, რომელსაც “ოქროს წესს” უწოდებენ და რომელიც “ზუსტ სურათს” იძლევა ლაპარასკოპიაა, რომელიც შეხორცებების რაოდენობის და გავრცელების ანუ ენდოს მიერ დაპყრობილ ორგანოებს ზუსტად აღწერს. ზუსტი სურათი კი თავისმხრივ პაციენტს და ექიმს ეხმარება მკურნალობის კურსის შემდგომ დაგეგმვაში და იმის ცოდნაში თუ რომელი სიმპტომი რატომ აწუხებს პაციენტს. მაგალითისთვის, იქნებ ენდომ შარდის ბუშტი მიაწება რომელიმე ორგანოს და ა.შ.

ენდომეტრიოზის სიმძიმის ოთხი ხარისხი განისაზღვრება:

I სტადია (მინიმალური)
II სტადია (საშუალო)
III სტადია (ზომიერი)
IV სტადია (მძიმე)

აღნიშნული კლასიფიკაცია ენდომეტრიოზის გავრცელების (კერების, შეხორცებებისა და ენდომეტრიული კისტების) მიხედვით განისაზღვრება, თუმცა პირდაპირ კავშირში არაა სიმპტომებთან, შესაძლოა IV სტადიის მქონე პაციენტს არ ჰქონდეს მტკივნეული მენსტრუაციის, უშვილობის, მტკივნეული სექსუალური აქტის ან/და სხვა სიმპტომების გამოცდილება და პირიქით – I სტადიის მქონე პაციენტს ჰქონდეს დისკომფორტების უმეტესობა (ამისთვისაც ყოჩაღ, ენდო, რა კარგად მოგიფიქრებია?!)

ენდომეტრიოზის მკურნალობა:

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, კვლევების სიმცირის გამო, მედიცინამ არ იცის რა იწვევს ენდომეტრიოზს და არც მისგან განკურნების გზები აქვს ნაპოვნი. არსებობს გარკვეული მეთოდები, რომლებიც ამ დაავადების მიერ გამოწვეული სიმპტომების შემცირებისკენაა მიმართული, ზოგი ამცირებს ტკივილს, ზოგი აფერხებს ენდომეტრიოზის ზრდას, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საკვერცხეები ოვულირებს, ენდომეტრიოზი იზრდება, ამოჭრის შემთხვევაში და ორსულობის შემდეგ კი – თავს დიდხანს არ გვანატრებს, ისევ ბრუნდება და აგრძელებს ზრდას. სიმპტომების დასაძლევად არც ერთი წამალია იდეალური და ყველას აქვს შემაწუხებელი გვერდითი ეფექტები, თანაც მათი მოქმედება არაა უნივერსალური და სხვადასხვა პაციენტებში განსახვევულად ვლინდება.

მედიკამენტური მკურნალობა (ჰორმონალური) და ლაპარასკოპიის დროს კისტებისა თუ შეხორცებების ამოკვეთა არის მკურნალობის ამჟამად არსებული მეთოდები, რომლებზეც პაციენტი და ექიმი, როგორც წესი, ერთობლივი მსჯელობის შედეგად თანხმდებიან. ლაპარასკოპიით ამოკვეთას, როგორც წესი, უნაყოფობის ან გაუსაძლისი ტკივილების დროს მიმართავენ, მას შემდეგ, რაც მედიკამენტურმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ხოლო რაც შეეხება მკურნალობას უფრო სწორად კი, ენდომეტრიოზის სიმპტომების შემცირებას – სხვადასხვა ჰორმონების გამოყენებით განსხვავებულ შედეგებს იძლევა სხვადასხვა პაციენტებში, საკვერცხის ფუნქციის დათრგუნვის შედეგად ზოგ შემთხვევაში ხდება არსებული კერების უმნიშვნელოდ შემცირება და ხელი ეშლება ახალი კერების განვითარებას, წამლის შეწყვეტამდე და საკვერცხის ჩვეული ფუნქციის აღდგენამდე.
როგორც წესი, მედიკამენტური მკურნალობა რამდენიმე თვეს გრძელდება, მენსტრუაცია შეწყვეტილია და წამლის კურსის დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვე სჭირდება ბუნებრივ ციკლს აღსადგენად და ტკივილს და სხვა დისკომფორტებს ბუნებრივ რეჟიმში დასაბრუნებლად. უკეთ რომ წარმოიდგინოთ – რამდენიმე თვე ან თუნდაც წელი, სანამ ჰორმონზე ვართ, ენდო მოწყენილი ზის თავის უკვე ათვისებულ ტერიტორიას არ თმობს და გველოდება როდის მოვრჩებით “მაიმუნობას”, რომ გააგრძელოს თავის ექსპანსია!

მსოფლიოში 10-დან 1 ქალს აქვს ენდომეტრიოზის დიაგნოზი, მისი პრევენციისა და განკურნების შესახებ მედიცინას პასუხები არ აქვს, პაციენტების უმეტესობამ არ იცის ამ დიაგნოზის შესახებ, რადგან მენსტრუაციაზე საუბარი ტაბუა და ძირითადად საზოგადოებაში გავრცელებული აზრია, რომ მენსტრუაცია ისედაც მტკივნეული უნდა იყოს და ქალს ამ ტკივილის მოთმენის ვალდებულება აქვს, თანაც ჩუმად. ხშირად, ქალებს წლები სჭირდებათ ამ დიაგნოზის გასაგებად და ენდოს მოგონილი, ჯოჯოხეთური სიმპტომებისთვის სახელის დასარქმევად.

ძირითადი რესურსები:

http://index-of.co.uk/Tutorials/Endometriosis%20For%20Dummies.pdf
https://www.moh.gov.ge/uploads/guidelines/2017/06/01/9b6e6425ffd244e4a32f0c798efab664.pdf
https://www.endometriosisaustralia.org/
https://endometriosisnews.com/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *