ენდოამბები, II ნაწილი

ენდომეტრიოზის მკურნალობა

ენდომეტრიოზის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით, სიმპტომების დამარცხება გაცილებით მარტივია. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია.

მარი, 28 წლის

ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ბევრი რამ გადამხდა.

როცა მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, მტანჯველი ციკლის ტკივილები დამეწყო, ზოგჯერ გული მიმდიოდა და მე მე არ ვიყავი. დედაჩემმა წამიყვანა რომელიღაც კლინიკაში ექო გადავიღეთ, ზუსტად აღარ მახსოვს. მითხრეს კისტებია და აუცილებელი საოპერაციოაო. მე გადავირიე არ გავიკეთებ ოპერაციას-მეთქი. მერე გამაგზავნეს ვაძიმ ხატისაშვილთან, რომელმაც არ გამიკეთა ოპერაცია აქ რაღაც სხვა ხდებაო, გამგზავნეს ონკოლოგიურში, იქიდან ხუდადოვზე ტუბ- დისპანსერში. ამიღეს ანალიზები აღმომაჩნდა საკვერცხეში ჩხირი ტუბის და უამრავი ენდომეტრიოზი. ვსვამდი უფასო წამლებს ორი წელი, ორი წლის შემდეგ გავთხოვდი. გურანდამ (გინეკოლოგმა), რომელიც მუშაობს ტუბ-დისპანსერში, გათხოვების შემდეგ არ მოგვცა თავისუფალი ურთიერთობის ნება და ვიცავდით თავს. გათხოვებიდან ერთ თვეში ამომაჭრეს გახეთქილი, სისხლიანი უზარმაზარი კისტები და ნახევარი მარჯვენა საკვერცხე. ოპერაცია 5 საათს გრძელდებოდა. თან ვსვამდი უამრავ წამალს და ვებრძოდი სიკვდილს.

ერთ წელიწადში ისევ გამიკეთა ოპერაცია ამომაჭრა მარჯვენა მთლიანად და მარცხენა საკვერცხე ნახევარი, უზარმაზარი ენდომეტრიოზული კისტები… მილები გაჭედილი, დახლართული და ნაწლავებში შეხორცებული. ოპერაციის დროს მილები ვერ გაწმინდა… წამოვედი იქიდან, ჩხირი ისევ მქონდა, ვსვამდი უამრავ წამლებს, ვიღებდი ექოებს, თან ვარ ახალი გათხოვილი და არ ვიცი, როგორ ავხსნა ჩემი მწარე მდგომარეობა. ქალბატონი გურანდა კი ესე მეუბნეოდა არ ვიცი როდემდე გაუძლებ ამ ყველაფერსო, მე მინდოდა ბავშვი, ქმარსაც ოჯახსაც , ექიმი კი მეძახდა ბავშვეზე კიარა შენ თავზე იფიქრეო. წამოვედი დისპანსერიდან მივატივე ეს უფასო წამლები, გადავყარე რაც გამაჩნდა დავხიე ყველაფერი რომლის დანახვაზეც ვკვდებოდი, მე კი ამ დროს ოფლიანობა ჩაწითლებული თვალები და ცხელი სხეული მტანჯავდა.

წავედი ინვიტროში თეონა ანთიასთან. ამიღო ფოლიკულები, თან ვმკურნალობდი, მოხდა განაყოფიერება, გავაჩინე ერთი ლამაზი პატარა ბიჭი… მის მერე ვმკურნალობ, ეხლა მინდა მეორე გავაჩინო, მაგრამ კისტები მაქვს ძალიან დიდები. მეშინია გასკდომის, მაქვს ტკივილები და ვიტანჯები ისევ ისე, ამჟამად ვარ საოპერაციო… ამოსაჭრელი მაქვს მთელი საკვერცხე. მილებს აღარ ვთვლი, რომ არსებობენ უბრალოდ . თან ამ დროს მე, პესიმისტს მგონია, რომ ოდესღაც დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ არ მთავრდება, მგონია რომ ოდესღაც ჩემით დავორსულდები და დავინახავ ტესტზე ორ ხაზს. მაგრამ ამაოდ, ამიტომ მეზიზღება ციკლის დანახვა, მძულს სისხლიანი დღეები. ტუბ დისპანსერში აღარ მივსულვარ და არ ვიცი ისევ მაქვს თუ არა ჩხირი, ოპერაციებს იქ ვიკეთებდი და საშინლად ვიყავი. კოშმარი იყო.

რუსა, 36 წლის

მე არაფერს ვუჩიოდი არასდროს, არც ციკლის არევას, არც ტკივილებს და გათხოვებიდან რამდენიმე თვეში დავრჩი ორსულად და მეც მყავს ერთი გოგო 6წლის, არანაირი პრობლემა არ მქონია არც ორსულობის დროს და არც მერე, მაგრამ დაორსულება მალევე აღარ მინდოდა და ჩასახვის აბებს ვსვამდი. მერე მივედი ექიმთან და კიდევ მინდოდა გაჩენა და რა დროს უნდა დავლოდებოდი გამომითვალა გინეკოლოგმა და დასასვენებლად ვიყავი უცებ დამეწყო ტკივილები საშინელი, მარცხენა მხარეს მეგონა კენჭი და მერე თირკმელებისკენ გადაინაცვლა, რო ჩავედი ჩემს ქალაქში გადავიღე ექო და აღმომაჩდა ორივე საკვერცხეზე კისტები, სასწრაფო საოპერაციო გავხდი თორე გამისკდებოდა, შეიწირა მარცხენა საკვერცხეც დავრჩი ცალი საკვერცხით და ამჯერად ვმკურნალობ, თუმცა ეს საკვერცხეც ვიცი რო კისტებია 4 ცალი და მაინც დამიტოვა იქნებ მოხდეს სასწაულიო ექიმა იცოდა რო შვილი მინდა და ვნახოთ რამდენიმე თვეში ვაპირებ მისვლას ზომების შემოწმებას, არ ვიცი რა იქნება.

ახლა ტკივილები აღარ მაქვს, რადგან ის საკვერცხე მილიანად ამომაჭრეს და მარჯვენა საკვერცხეს ვმკურნალობ. ამჯერად ვსვამ ვიზანას.
პირველი ორსულობის მერე აღარ მივსულვარ ექოზე და ამ პერიოდში გაჩნდა ალბათ, ერთმა ექიმმა ისიც მითხრა თანდაყოლილი იყოო, არ ვიცი.

ძაან ძნელია როცა არანაირი პრობლემა არ გაქვს და უცებ ამხელა რაღაც გამოგიხტება, კარგავ ორგანოს და ისიც არ იცი როდისმე გეყოლება თუ არა შვილი. ანალიზები წესრიგში მაქვს, ანტი მიულერი მაქვს დაბალი, ძალიან დაბალი, ვნახოთ ამ მკურნალობის მერე რა იქნება, თუ არა და ოპერაციას სადღა გავექცევი.

ამ პანდემიის გამო, ვეღარ მივედი და ტელეფონით ველაპარაკე ექიმს, გამიგრძელა ვიზანათი მკურნალობა, მაგრამ მინდა მივიდე სხვასთანაც, ყველაზე ძლიერთან რო მითხრას რიალურად მაქვს რამე მცირე შანსი მაინც რო ოცნებებში არ ვიფრინო ბავშვის გაჩენაზე.

სამწუხაროდ, საკმარისი კვლევები ენდომეტრიოზის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით არ არსებობს. აღნიშნულ ისტორიებში მოყვანილი მაგალითები არის იმ ქალების გამოცდილება და შეფასებები, რომლებიც თავიანთ ამბებს აზიარებენ.
ჩვენი მიზანი არ არის, რომ ყოველგვარი სამეცნიერო საფუძვლების გარეშე, მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს შემთხვევები განვაზოგადოთ.

იმ შემთხვევაში თუ გაქვთ სამედიცინო კვალიფიკაცია, გაუწიოთ შესაბამისი კონსულტაცია ენდომეტრიოზის მქონე ქალებს, რომლებიც ენდოამბების სახით აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ფეისბუქის გვერდზე ან დაგვიტოვოთ კომენტარი ბლოგზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *