ვიზანას 6 თვე და მენსტრუაციის მოლოდინი

ვიზანას 6 თვე

ვიზანა
ვიზანამ
ვიზანას
ვიზანასი
ვიზანათი
ვიზანად
ვიზანავ

თუ დღეს ენდომეტრიოზი გაქვს და ჯერ ლაპარასკოპიას არ გეგმავ, ვიზანა შენი ლუმინალია. ვიზანა ერთერთი ჰორმონის შემცვლელი მედიკამენტია, რომელიც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღო და ყოველთვე სხვადასხვა ფასად (მადლობა ქართულ ეკონომიკას!) შეიძინო, რომელიც ისე დაეფულება შენს ორგანიზმს, რომ მას ენდომეტრიოზის განვითარებისა და მისი შემაწუხებელი სიმპტომების გამოვლენისგან სრულად შეაკავებს, ტკივილს დაამარცხებს, საკვერცხეების ფუნქციას დათრგუნავს, მენსტრუაციას შეაჩერებს, ცხრათავიან გველეშაპს თავს მოაჭრის და კეთილს იხსნის ბოროტისაგან.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თან ხუმრობით და თან სიმართლით, სინამდვილეში არც ვიზანაა უალტერნატივო მედიკამენტი და არც ლუმინალია, გველეშაპებთანაც დიდად არ გირჩევდით.

გამომდინარე იქიდან რომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ენდომეტრიოზი ყველა სხეულში განსხვავებულად ვლინდება, თავისმხრივ ვიზანასაც სხვადასხვა ეფექტები აქვს სხვადასხვა ორგანიზმებზე და ერთი კონკრეტული გამოცდილების განზოგადება შეუძლებელიცაა და შესაბამისად დაუშვებელიც.

მე ისევ ჩემს პირად გამოცდილებაზე გიამბობთ, რომელიც არც თუ ისე სახარბიელო იყო. ამ წლის მთავარი ანტიგმირი პანდემია რომ არ ყოფილიყო, დეკემბრის თვის შეჯამებებისას აუცილებლად ყველაზე ცუდი გამოცდილების ტიტულს ქალბატონ ვიზანას გადავცემდი.

ვიზანას 1 თვე, ვიზანას 2 თვე და ვიზანას 3 თვე მომავლის რწმენითა და უდიდესი იმედით აღვსილმა გავაზიარე ბლოგზე, მერე კი ჩავქრი, ჩავქრი, ჩავქრი და აჰა, ძლივს ავინთე საიმისოდ, რომ ისევ გავაზიარო ჩემი გამოცდილება, რომელსაც კარგი ნამდვილად არ ეთქმის.

პირველ რიგში უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ვიზანას იმისთვის, რომ ტკივილი მაინც გააქრო ჩემი ცხოვრებიდან 6 თვით და მეორე რიგში – იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემთან ურთიერთობა უწევდათ ამ 6 თვის განმავლობაში და რომლებიც ჩემს ბლოგს არ კითხულობენ და შესაბამისად ვერ ნახავენ ამ მადლობას.

ვიზანას 6 თვე
ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…
ვიცინი, აღარ ვტირი მე.

ამ თვეების განმავლობაში მუდმივად ვკითხულობდი სხვა ქალების გამოცდილებებს, როგორ მარტივად შველიდათ ვიზანა, როგორ პოულობდნენ ხსნას ენდომეტრიოზისგან, როგორ კი ჰქონდათ გვერდითი ეფექტები ამ წამლისგან, მაგრამ ერთი-ორი და იმასაც რაღაც საკვები დანამატებით მარტივად ამარცხებდნენ და მეც ველოდებოდი, რომ ერთ თვეში არადა ორ თვეში შეეგუება ჩემი ორგანიზმი, ორში არადაა სამში, მეოთხე თვიდან უკეთესია ალბათ? მეხუთე თვეს უკვე სადღაც ფსკერს რომ ჩავარტყი ფეხი მივხვდი, დეპრესია მქონდა და არანაირი გვერდითი ეფექტი არ ამართლებდა ამ მდგომარეობის ატანას, ამიტომ ფსიქოთერაპიას მივაშურე, მეექვსე თვესაც გავატანინე და დავასრულე!

რა მაწუხებდა და აღარ მაწუხებდა ამ თვეების განმავლობაში?

  • მტკივნეული მენსტრუაცია? არავითარი მენსტრუაცია! იშვიათად ფანტომურად მოვლითი ტკივილები თვის იმ პერიოდში, როცა წესით მენსტრუაცია უნდა მქონოდა.
  • მტკივნეული ოვულაციაც? არავითარი ოვულაცია! მუდმივი სიმძიმის განცდა და ქაჩვის შეგრძნება საკვერცხეებში? აღარ!
  • დეპრესია? კიბატონო! მკერდის ტკივილი? რატომ რა საჭიროა, მაგრამ კი!
  • ენდო მუცელი? კიდევ გადაიღეთ.
  • აკნე გაიქრე ერთი წლის წინ და ძლივს ამოისუნთქე? კიდევ სცადე.
  • ვაგინალური სიმშრალე არასდროს გქონია? რატომაც არა?! ინებე.
  • ყველაფერზე გული ჯერ არ გერეოდა? აგერევა.
  • ალკოჰოლს დიდად ვერც სვამდი? საერთოდ ვეღარ დალევ.
  • მენსტრუაცია აღარ გაწუხებს? სისხლიანი გამონადენი შეგაწუხებს, სფოთინგი დაუძახე თუ გაგისწორდა.
  • ქრონიკული ვულვოვაგინიტი? კი, კი, უპრობლემოდ.
  • მუდმივი დაღლილობა და უენერგიობა ისედაც გქონდა ხოლმე? სულ გქონდეს! რატო არ გინდა??
ვიზანას 6 თვე

საბოლოოდ, დავასრულე 6თვიანი კურსი და ჩემი გინეკოლოგის რჩევით, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ თვეების განმავლობაში ჩემს ტანჯვაში, რომელიც ვერაფრით შემიმსუბუქა, დროებით ვისვენებ ჰორმონებისგან. ვიზანას დასრულებისთანავე დავიწყე ლაიფენი, რომელიც მცენარეული მედიკამენტია და რაღაც კვლევების თანახმად, ენდომეტრიოზის სიმპტომების მართვაში კარგ როლს ასრულებს.
ჯერჯერობით 15 დღეა ველოდები პირველ მენსტრუაციას 6თვიანი პაუზის შემდეგ და ვნახოთ როგორ გადავიტან, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მეშინია და შესაძლებელი რომ იყოს სადმე გავიქცე და დავემალო, აუცილებლად დავემალებოდი.

თუ ამ პოსტს ვიზანას დაწყების წინ გადააწყდით:

  • ვიზანას ფასი: იცოდეთ, რომ ჯიპისის და ფარმადეპოს აფთიაქებში ფორმა 100-ის წარდგენის შემთხვევაში (სულ რომ არანაირი დაზღვევა არ გქონდეთ) ვიზანას შეძენა 55 ლარად შეგიძლიათ.
  • ჩემი გამოცდილება კონკრეტულად ჩემი გამოცდილებაა და აუცილებელი არ არის თქვენც იგივე გადაიტანოთ.
  • ექიმთან წინასწარ აუცილებლად ბევრი ისაუბრეთ ამ მედიკამენტზე, გაარკვიეთ რატომ გინიშნავთ?რატომ მაინცდამაინც ვიზანას და არა სხვა ჰორმონს?
  • თუ წამლის გვერდითი ეფექტები შეგაწუხებთ იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, არ უნდა შეეგუოთ ამ ეფექტებს და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და მისი დახმარებით შეიმსუბუქოთ მდგომარეობა.
ვიზანას 6 თვე


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *